ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენს მიერ გადატანილი სიძნელეები არ ჩამოუვარდება იმ ისტორიულ ქარტეხილებს, როდესაც ქართველ ხალხს უწევდა სამშობლოსა და თავისი თვითმყოფადი კულტურის დაცვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე, საქართველოს თავდაცვის ძალების 28 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენი საქართველოს თავდაცვის ძალებია. მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის ძალები არის არა მხოლოდ სამშობლოს დამოუკიდებლობის გარანტი, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გამორჩეული სიმბოლოც.
„1989 წლის 9 აპრილს, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები, მათ შორის ქალები და ბავშვები, დაუცველნი აღმოჩნდნენ იმპერიული სადამსჯელო მანქანის წინააღმდეგ, ქართველმა ხალხმა სრულად განიცადა და გაიაზრა სამშობლოს დასაცავად ქმედითი და ძლიერი თავდაცვის ძალების აუცილებლობა.
მას შემდეგ საქართველომ ბევრი განსაცდელი გამოიარა. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენს მიერ გადატანილი სიძნელეები არ ჩამოუვარდება იმ ისტორიულ ქარტეხილებს, რომლებშიც ქართველ ხალხს უწევდა სამშობლოსა და თავისი თვითმყოფადი კულტურისა და ტრადიციების დაცვა.
დღეს სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ათწლეულების ძალისხმევამ თავისი შედეგი გამოიღო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს იცავს თანამედროვედ აღჭურვილი და გაწვრთნილი, სამშობლოზე შეყვარებული ქართული ჯარი.
ჩვენი შეიარაღებული ძალები არა მარტო სამშობლოს სადარაჯოზე, არამედ საერთშორისო მისიებშიც ამტკიცებენ, რომ არ ჩამოუვარდებიან მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფოების სამხედრო ნაწილებს და შეუძლიათ ურთულესი ამოცანების შესრულება.
მინდა მოგმართოთ ქართული ჯარის ოფიცრებსა და ჯარისკაცებს და დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებისათვის უპირველეს ამოცანას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა წარმოადგენს, რაც არა მარტო პოლიტიკოსებისა და ჯარისკაცების, არამედ თითოეული ქართველის ყოველდღიური ზრუნვისა და შემართების საგანი უნდა იყოს.
ჩვენი მთავარი მიზანია, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ყველაფერი გავაკეთოთ, რათა საქართველოს თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა სათანადოდ იყოს დაცული. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ევროკავშირის ქვეყნები და ნატო საქართველოს გვერდით დგანან.
ჩვენი საერთო ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ რეგიონული და საერთაშორისო მშვიდობა და სტაბილურობა მიღწეული იქნეს დემოკრატიული და პროგრესული ძალების გამარჯვების საფუძველზე. საქართველო ვერ დაუშვებს დაბრუნებას იქ, საიდანაც თავის დასაღწევად არაერთი თაობის წარმომადგენლებმა გაწირეს თავი. საქართველო აღარასოდეს შეეგუება არა მარტო თავისუფლების, არამედ ჩვენი დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის თუნდაც უმცირესი ნაწილის დაკარგვასაც კი.
ამ ბრძოლაში თქვენ-საქართველოს თავდაცვის ძალები ჩვენი ყველაზე საიმედო ავანგარდი ხართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დღევანდელ დღეს პატივი უნდა მივაგოთ სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს და განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატოთ მათი ოჯახების მიმართ.