გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჯარი და სამხედრო უწყება მაქსიმალურად დეპოლიტიზირებული უნდა იყოს.
ამის შესახებ პრემიერმა თავდაცვის სამინისტროში განაცხადა, სადაც ახლადდანიშნულ მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად მივიდა. “ამ მიმართულებით დაწყებული რეფორმები გაგრძელდება და რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს პრიორიტეტიზაცია იმ რესურსების არსებობის პირობებში, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, რომ მაქსიმალურად იქნეს მიმართული ყველა რესურსი თავდაცვის უნარიანობის განმტკიცებისთვის. ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმები ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით – ბოლო პერიოდში გაფორმებული მემორანდუმი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც ძალიან დიდ შესაძლებლობებს იძლევა და ლევან იზორია ამ მიმართულებით იმუშავებს.
რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რაზეც მქონდა საუბარი, რომ ჯარი და სამხედრო უწყება იყოს მაქსიმალურად მოშორებული პოლიტიკურ დაპირისპირებებს და ჯარი უნდა იყოს მაქსიმალურად დეპოლიტიზირებული უწყება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ“, – განაცხადა პრემიერმა.