საქართველოსა და ევროპის გზები ასე ახლოს არასდროს ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ევროპის დღეების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ეს გზები დაწყებულია ძალიან დიდი ხნის წინ. დაიწყო მითოლოგიით და დაიწყო მოტაცებებით, ევროპა მოტაცებული ხარია, ჩვენგან კი ევროპელებმა მედეა მოიტაცეს. ასე რომ, რაღაც მითოლოგიური ნიშნები არსებობს, რაც ოდითგან გვაკავშირებს ერთმანეთთან. ამის მიუხედავად, ეს გზები იყო ძალიან გრძელი და მოხვეულ-მიხვეული. დიდი ხნის წინ ჩვენმა მეფეებმა, ელჩებმა დაიწყეს სიარული ევროპისკენ მიმავალ გზაზე და იქ ცდილობდნენ, მიეღოთ დახმარება, რაც იმდროინდელ საქართველოს იყვნენ დაინტერესებულები, თუ რა იყო ეს ქვეყანა. მათთვის საქართველო იყო ის გზა და ქვეყანა, რომელიც უხსნიდა უფრო შორეულ აღმოსავლეთის გზებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში გამოვცემთ სრულ ანთოლოგიას იმ ევროპელი მოგზაურების, რომლებმაც ძალიან საინტერესოდ ასახეს ჩვენი ქვეყანა გასულ საუკუნეებში. მერე მოვიდა სხვა ჟამი, როცა ჩაგვიკეტეს ევროპის გზა, როცა საქართველო იყო იზოლაციაში და კედელი იყო აშენებული. ჩვენთვის ევროპის გზა აღარ არსებობდა, თუ არა დამპყრობლის, მოსკოვის მეშვეობით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ყველაფრის მიუხედავად საქართველომ შეძლო, შეენარჩუნებინა ევროპული კულტურა და კავშირები.
