საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის, რიგითი ვლადიმერ მახათაძის ოჯახს მიუსამძიმრა და მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა. სამძიმარზე ლევან იზორიასთან ერთად თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ვლადიმერ მახათაძე 12 მაისს, ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე, გარდაცვლილი იპოვეს. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საგამოძიებო სამმართველო გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
რიგითი ვლადიმერ მახათაძე საქართველოს თავდაცვის ძალებში 2017 წლიდან მსახურობდა. სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.