„ნაციონალური მოძრაობის” წევრი სანდრა რულოვსი იმედოვნებს, რომ მთაწმინდაზე, არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატი შალვა შავგულიძე გაიმარჯვებს. როგორც სანდრა რულოვსმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბლოკი “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ღირსეული კანდიდატია.
“ჩვენ, ოპოზიციონერები დღევანდელი მთავრობის წინააღმდეგ ერთმანეთს ვეხმარებით. ხვალ, მთაწმინდაზე ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. მეც მთაწმინდელი ვარ, თუმცა ზუგდიდში ვარ რეგისტრირებული. ამიტომ,ხვალ არჩევნებზე ხმას ვერ მივცემ, მაგრამ სულით და გულით, ვუწევ რეკომენდაციას სხვებს, რომ მივიდნენ ხვალ არჩევნებზე და ღირსეულ კანდიდატს მისცენ ხმა, რომელიც დღევანდელი მთავრობის წინააღმდეგ პარლამენტში ერთი დამატებითი ხმა იქნება. აქაც მეორდება იგივე სიტუაცია, რაც ზუგდიდში იყო, აქაც არის მოსყიდვა, ხალხის დაშინება,ზეწოლა სოციალურად დაუცველებზე.ეს ძალიან დასანანია, მაგრამ თუ ბევრი ხალხი გამოვა, გამოხატავს თავის დამოკიდებულებას და არ შეეშინდება, მაშინ გვაქვს შანსი ხვალ, ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვოს. ამის იმედი მაქვს”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.