ჩვენი თავდაცვითი პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ სამშვიდობო პოლიტიკის პრინციპებს ეფუძნება, ჩვენი სიძლიერით საფრთხეების თავიდან აცილების უზრუნველყოფაზეა მიმართული, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საქართველოს პირველ არხს ბრიუსელში განუცხადა კითხვაზე, რუსეთის ეკონომიკური სანქციების ფონზე, როგორია უსაფრთხოების მხრივ ვითარება და საქართველოსთვის ამ კუთხით ახალი გამოწვევები ხომ არ არის.
იზორიას განცხადებით, იმ პირობებში, როცა ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულია, რუსეთიდან მომდინარე საფრთხე ყოველდღიურად არსებობს.
„ყოველთვის საჯაროდ ვამბობთ, რომ იმ პირობებში, როცა ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, საფრთხე არსებობს ყოველდღიური რუსეთიდან მომდინარე. ამიტომ ჩვენი თავდაცვითი პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ სამშვიდობო პოლიტიკის პრინციპებს ეფუძნება, მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი სიძლიერით ამ საფრთხეების თავიდან აცილება. მით უფრო, ამ სიტუაციაში და მაქსიმალურად, ჩვენი საერთო ძალისხმევით, ამ სამშვიდობო თავდაცვის პოლიტიკას ხელი შევუწყოთ ნატო-ს აქტიური ჩართულობით“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
მინისტრის შეფასებით, მეტი ნატო საქართველოში არის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი გარანტი.
„როდესაც ვსაუბრობთ რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებაზე, მხედველობაში გვაქვს მეტი ნატო საქართველოში, რაც არის ჩვენი ღრმა რწმენით მნიშვნელოვანი გარანტი საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისთვის და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ჩართულობა ნატო-სთან ერთად გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ტოტალური თავდაცვის პრინციპის საფუძველზე, ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველყოფისთვის და რეგიონში ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, სწორედ ეს იქნება მთავარი აქცენტი დღეს ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მის მოადგილესთან ორმხრივ შეხვედრებში საუბრის დროს“, – განაცხადა ლევან იზორიამ.