არის გარკვეული პრობლემები ყველა ნაწილში, სადაც ურთიერთობა მქონდა სამხედროებთან, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გორში, მეხუთე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე განაცხადა.
“თხოვნა მაქვს ჟურნალისტებთან, კონკრეტული ფაქტების მიმართ დაიწყოთ ჟურნალისტური გამოძიება, დოკუმენტურად ეს ყველაფერი არსებობს და ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს. მე არ მინდა დისკუსიაში შევიდე „ოდეერებთან“ გაკეთებულ განცხადებებზე, იმიტომ რომ მაქვს ბევრი საქმე, დამხვდა ბევრი პრობლემა და ამიტომ ამ დისკუსიაში შესვლა იქნება ცუდი ჯარისთვის. სამხედროებს და ჯარისკაცებს სჭირდებათ ის, რომ იგრძნონ სახელმწიფოსგან მზრუნველობა. როგორ იგრძნობენ ისინი ამ მზრუნველობას? – ეს გამოიხატება იმაში, რომ მათ ჰქონდეთ ფორმა და ნორმალური კვება, ასევე იყვნენ ფიზიკურად მზადყოფნაში იმისთვის, რომ გაამართლონ საზოგადოების მოლოდინი. სამწუხაროდ, არის გარკვეული პრობლემები ყველა ნაწილში, სადაც ურთიერთობა მქონდა სამხედროებთან. ამაზე თავს შევიკავებ საუბრისგან, რადგან მთავარი ამოცანაა, იგრძნოს ჯარისკაცმა ის, რომ მინისტრი ჰყავს გვერდით“, – განაცხადა ლევან იზორიამ.