“გაბუნიას განცხადება წმინდა შიდაქართული მოვლენაა და “რუსთავი 2”-ის გადარჩენას უკავშირდება. 18 ივლისს ცნობილი გახდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვტილება. თუ “რუსთავი 2” დაუბრუნდება თავის მფლობელს, იტყვიან, რომ სიტყვის თავისუფლება იზღუდება; თუ დარჩება, იტყვიან, რომ ვიბრძვით პუტინის და ოკუპაციის წინააღმდეგო. კარგად გათვლილი გარეწრული სცენარია, “ნაციონალებმა” კარგად იციან, როგორ გააღიზიანონ რუსეთი და როგორ დააზიანონ საქართველო. გაბუნიას სულ ფეხებზე ჰკიდია საქართველოს საშუალო ფენა დაზარალდება თუ ის ხალხი, ვინც დღეს რუსეთში ცხოვრობს. გაბუნია, მელია და სააკაშვილი არის ერთი “შარაშკა”, საქართველოს სირცხვილი. სააკაშვილმა დიდი ხანია დაკარგა თავისი როლი, ხან აქეთ არის, ხან იქით. გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდას ვარიანტია. იგი ცდილობს ნებისმიერი ფორმით მართოს პროცესები, მაგრამ ვერ მართავს”, – აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარიშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “კარგად გათვლილი გარეწრული სცენარია” – პაატა ზაქარეიშვილი გაბუნიას გამოსვლაზე.
“ხელისუფლება სრულიად პარალიზებულია. სამწუხაროდ, საზოგადოებას კიდევ აქვს იმედი, რომ ივანიშვილი მართავს ქვეყანას, მაგრამ მან საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა, ქვეყანას ვერ მართავს… ხუთი ბურთი უნდა ათამაშოს, მაგრამ ხუთივე ხელიდან უვარდება. კრიზისის დროს ყველა პარაზიტი ერთად გამოჰყოფს თავს, რომ სიტუაცია საკუთარ თავზე მოირგოს, ვიდრე ხელისუფლება სუსტია, მოასწროს რაღაც ჩაიჯიბოს… რაც შეეხება დუმის დეპუტატების და კადიროვის განცხადებებს, სახელმწიფო ვალდებული არ არის გაბუნიას გამო ბოდიში მოიხადოს. პასუხის გაცემა კადიროვს ღირსებას მატებს, იტყვის როგორ ავაფორიაქე საქართველოო, ხოლო კიტოვანი ჩნდება იქ, სადაც ლეშის სუნია, ეტყობა რუსეთს კიტოვანის მეტი აღარავინ დარჩა, მშვენიერი ფიგურანტია რუსული პოლიტიკის. მის განცხადებებს უნდა მოვუსმინოთ, რადგან აჟღერებს კრემლის აზრებს, როგორ და სად შეიძლება ჩაარტყან საქართველოს… ახლა სიტუაცია შეიძლება ჩაცხრეს, მაგრამ დროებით, პოლიტიკური ტემპერატურა არჩევნების წინ აუცილებლად აიწევს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარება არ აწყობთ “ოცნებას”, “ნაციონალურ მოძრაობას” და “ევროპულ საქართველოს”, რადგან ადგილების დათმობა მოუწევთ მომავალ პარლამენტში. ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება პირველი სანდრა რულოვსმა გააკეთა საპროტესტო აქციაზე. რა თქმა უნდა, ხელისუფლება თავად ვერ იტყვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოსო, მაგრამ თუ “ნაციონალები” ამ თემას “ჩაიხვევენ”, შეიძლება დათანხმდეს ვადამდელ არჩევნებს… რასაც ვიტყვი, ვიცი, რომ იმ ახალგაზრდებს არ მოეწონებათ, ვინც დღეს საპროტეტსო აქციებს მართავს – ისინი უფრო მოქნილები უნდა იყვნენ და მოიცილონ რადიკალიზმი და ბოლშევიზმი. გახარიას გადადგომა დღეს აქტუალური აღარ არის, პროპორციული საარჩევნო სისტემაა გადასარჩენი”, – მიიჩნევს პოლიტოლოგი და შეკითხვაზე – “თქვენი აზრით, აქვს მამუკა ხაზარაძეს ის სოციალური კაპიტალი, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრი შექმნას?” – პასუხობს:
“ხაზარაძეს აქვს სიახლის კაპიტალი, რაც დღეს საზოგადოებას სჭირდება, რომ ქვეყანაში გაჩნდეს მესამე პოლიტიკური ცენტრი. ხაზარაძე ამ მომენტში უკეთესი ვარიანტია საქართველოსთვის, ვიდრე ზელენსკი იყო უკრაინაში. ის გამოცდილი ბიზნესმენია. ჯერ ალბათ შექმნის მოძრაობას, რადგან ბევრი ხალხი მიეტმასნება, იგივე “ნაციონალებიდან” და “ოცნებიდან”. მერე ეს პროცესი გაიფილტრება და შექმნის პარტიას. რძიდან ყველს რომ ამოიყვან, ისე. დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, პირადად მე ხაზარაძის პარტიას მივცემდი ხმას”.