საქართველოს პრემიერ-მინისტრი შაორში, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის „მომავლის ბანაკს“ ესტუმრა, სადაც 18-დან 25 წლამდე ასაკის 100-ზე მეტი ახალგაზრდა ისვენებს.
გიორგი კვირიკაშვილმა ბანაკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ახალგაზრდებს გაესაუბრა.
ბანაკის დამსვენებლები განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმით დაინტერესდნენ და მოისმინეს პრემიერ-მინისტრის პასუხები შეკითხვებზე. გიორგი კვირიკაშვილი ახალგაზრდებს მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე ესაუბრა.
საუბარი შეეხო ახალგაზრდების დასაქმებისა და ბიზნესის განვითარების პერსპექტივებს, ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას – „სტარტაპ საქართველო,“ ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს, საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ახალგაზრდები დაინტერესდნენ, ადევნებს თუ არა თვალყურს პრემიერ-მინისტრი რიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილის მიერ მოპოვებულ ბრინჯაოს ოქროს ფასი აქვს.
წელს ,,მომავლის ბანაკი“ 10 ნაკადად 1400-მდე ახალგაზრდას მიიღებს. უპირატესობა მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებული და მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიენიჭებათ.
შაორის ,,მომავლის ბანაკის“ პროექტს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.