“რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, “კურიერის” გუნდი “რუსთავი 2-ში” დარჩება მანამ, სანამ ტელევიზიაში სარედაქციო თავისუფლება იქნება შენარჩუნებული.
მელაძე “კურიერის” გუნდის გადაწყვეტილებას “მაყურებლის წინაშე არსებული მაღალი პასუხისმგებლობით” ხსნის.
მისივე თქმით, “კურიერის” გუნდისთვის თავისუფალი, დამოუკიდებელი და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა მნიშვნელოვანია და ამ ღირებულებებისთვის ისინი ტელევიზიაში ბოლო წუთამდე დარჩებიან.
“ნიკა გვარამიამ გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ აკეთებს ტელევიზიას, “კურიერის” გუნდმა კი საჯაროდ განვაცხადეთ, რომ ვრჩებით აქ მანამ, სანამ გვექნება სარედაქციო დამოუკიდებლობა და ხელისუფლება არ დაიწყებს ჩარევას ჩვენს რეპორტაჟებში – არ დაგვიჭრის, არ დაგვიჩეხს, არ მიგვითითებს, რომელი რესპონდენტი უნდა ჩავწეროთ და ახალი ამბების რა თანმიმდევრობა უნდა დავიცვათ. ჩვენ ვრჩებით იმიტომ, რომ გვაქვს მაღალი პასუხისმგებლობა მაყურებლის წინაშე. ჩვენთვის, გუნდისთვის, რა თქმა უნდა, თავისუფალი, დამოუკიდებელი და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკისათვის ბრძოლა არ დასრულებულა. ეს ბრძოლა ახლა დაიწყო, შესაბამისად ჩვენ ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ და ვიქნებით აქ. მედია ბაზარზე თუ იქნება კონკურენცია, გაჩნდება ახალი სატელევიზიო არხები და იქნება მედიაპლურალიზმი – კიდევ უფრო კარგად უზრუნველყოფილი ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არის კარგი”, – განაცხადა “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ ვახაო სანაიას “დღის ამბებში”.