თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ აფხაზეთში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.
14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. ლევან იზორიამ გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ აფხაზეთის კონფლიქტი რუსეთის აგრესიით გამოწვეული ტრაგედიაა.
გმირთა მემორიალთან საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და სხვა სამხედრო პირები, ასევე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და დაღუპულების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
თავდაცვის მინისტრმა აფხაზეთში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო (ფოტოები)
2019/08/14 12:31:20
ნანახია: 624 ჯერ