პარლამენტის საშემოდგომო სესია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, თუმცა ჰიმნის დასრულებისთანავე „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პროტესტის ერთგვარ ფორმას მიმართეს და მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ დღეს გაჟღერებული გადაწყვეტილება სასტვენებით გააპროტესტეს.
ელენე ხოშტარია სხდომაზე სასტვენითა და წარწერიანი „სირცხვილია“ მაისურით მივიდა. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრებს სასესიო დარბაზი დაატოვებინა.
მანამდე პარლამენტის შენობის შესასვლელებთან, სადაც მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები პრემიერმინისტრად გიორგი გახარიას კანდიდატურის დასახელებას აპროტესტებენ, ხმაური იყო.
აქციის მონაწილეებმა შენობის სამივე შესასვლელი დაიკავეს და ე.წ. „სირცხვილის კორიდორს“ აწყობენ, რათა საშემოდგომო სესიაზე შესულ დეპუტატებს ამ გზის გავლა მოუწიოთ. „სირცხვილის კორიდორის“ გავლა მოუწია „ქართული ოცნების“ დეპუტატ ლადო კახაძეს. საკანონმდებლო ორგანოსთან პოლიციაა მობილიზებული.
მოძრაობის ორგანიზატორები აქციაზე ბანერებით არიან მისულები. მათი თქმით, გიორგი გახარიას მორალური უფლება არ აქვს გახდეს ქვეყნის პრემიერმინისტრი.
პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა 3 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი არიან წარდგენილი.
რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრ ლევან იზორიას, ის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დასახელდა.
გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით რამდენიმე თვის მანძილზე მოსახლეობის ნაწილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს მართავდა.
20 ივნისს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი თვალი დაკარგა.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.
20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.