საქართველო ყირიმის არაღიარებით ამერიკის სატელიტობას დემონსტრირებს, – ამის შესახებ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ე.წ. საერთაშორისო-სამართლებრივ საკითხებზე სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარემ ალექსანდრე მოლოხოვმა განაცხადა.
„საქართველოს ხელისუფლება ყირიმის არჩევნების არაღიარებით, მორიგჯერ ახდენს ამერიკის სატელიტობის დემონსტრირებას, ასეთი პოლიტიკა განწირულია მარცხისთვის. ამერიკის სატელიტები ყირიმელებს დემოკრატიული განვითარების საშუალებას არ აძლევენ, რომელიც შეუძლებელია ადგილობრივ პარლამენტში წარმომადგენლების არჩევის გარეშე“, – განაცხადა მოლოხოვმა.
მისი თქმით, ყველა მცდელობა „კუნძულის მოსახლეობის მეორეხარისხოვან ადამიანებად წარმოჩენა მარცხისთვის არის განწირული“.
ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ე.წ პარლამენტში და ადგილობრივ თვითმმართველობებში არჩევნები 8 სექტემბერს გაიმართა.
საკითხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „არ ცნობს რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ უკანონო „ადგილობრივ არჩევნებს”, რაც გახლავთ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფა. ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქი სევასტოპოლი გახლავთ უკრაინის განუყოფელი ნაწილი. საქართველო კიდევ ერთხელ აფიქსირებს მკაფიო მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”.
რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წლის მარტში ე.წ. რეფერენდუმის შედეგად მოახდინა.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ყირიმის საკითხი „სამუდამოდ დახურულია“.
ყირიმში საქართველოს საგარეო უწყებას უპასუხეს
2019/09/09 11:43:12
კომენტარები
ნანახია: 420 ჯერ