არ ვამართლებთ და ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ გუშინდელი ინციდენტი აშკარად იყო პროვოცირებული, ემზარ კვიციანი იყო სახელმწიფო ღალატში დადანაშაულებული, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა გოჩა თევდორაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თევდორაძე გუშინ პარლამენტის შენობასთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აქციის ცალკეული მონაწილეები „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატ ემზარ კვიციანის მიმართ პროვოკაციულად იქცეოდნენ.
„ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ ამართლებს ძალადობას და ემიჯნება მას, მაგრამ გუშინდელ მოვლენებს თუ გადავხედავთ, ალბათ, უნდა დავაკვირდეთ, რამ მოახდინა იმ ქმედებების პროვოცირება და რასთან გვქონდა საქმე. უფრო მეტიც, ჩვენ საქართველოს კანონმდებლობაში, სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლი, პროვოცირების შესახებ, პროვოცირება იმისა, რომ ძალადობა ჩაიდინო ამა თუ იმ პირის წინააღმდეგ, ეს მუხლი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. თუ დავაკვირდებით გუშინდელ მოვლენებს, ჩვენ ნათლად დავინახავთ, რომ კვიციანის მიმართ აშკარად ჰქონდა ასეთ პროვოცირებას ადგილი. მართალია საჯარო მოხელეს აქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ ადამიანები ვართ და თმენა შეიძლება გარკვეულ ზღვრამდე, როცა ვიღაცა ლანძღვა -გინებით მოგდევს, მოღალატეს გიწოდებს, პირდაპირ ყურთან სასტვენით, ლანძღვით, გინებით.
პოზიციის გამოხატვის შეზღუდვაზე არ ვსაუბრობ, გამოხატვის თავისუფლება გვაქვს ყველას, ეს იმას ნიშნავს, რომ უფლება გვაქვს ვაპროტესტებდეთ, ჩვენს მოსაზრებას გამოვთქვამდეთ, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის უფლებას რომელიმე ადამიანს, თუნდაც პარლამენტის წევრს, პირდაპირ მივადგეთ ყურთან სასტვენით, ლანძღვით, გინებით. ვფიქრობ, ემზარ კვიციანსაც იმ აქციის კონკრეტული მონაწილეების მიმართ თავისი გარკვეული სადავო აქვს, არ გამოვრიცხავ, თუ ემზარ კვიციანი მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, რომ მან შეიტანოს სარჩელი ამ საკითხთან დაკავშირებით და მოკვლევა ამ კუთხითაც დაიწყოს.
კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვამართლებთ და ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ ეს გუშინ აშკარად იყო პროვოცირებული, ემზარ კვიციანი იყო სახელმწიფო ღალატში დადანაშაულებული. აქციის ცალკეული მონაწილეები კვიციანის მიმართ აშკარად პროვოკაციულად იქცეოდნენ. ჩვენ მომხრეები ვართ იმისა, რომ მოკვლევა დაწყებულია და ალბათ, ამ მოკვლევის შემდეგ უფრო ნათელ სურათს დავინახავთ – რა მოხდა გუშინ“– განაცხადა გოჩა თევდორაძემ.
ცნობისთვის, შსს-მ ემზარ კვიციანის ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში პარლამენტის შენობის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხებიან ინციდენტში მონაწილე პირები, ასევე, შეისწავლება არსებული ვიდეოჩანაწერები, რის შემდეგაც ქმედებას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ინციდენტი პარლამენტის შენობის წინ მოხდა, სადაც მთავრობის დამტკიცების პროცედურის პარალელურად “სირცხვილიას” აქცია მიმდინარეობდა.
აქციის მონაწილეები კვიციანს “პუტინის მონას” ეძახდნენ. კვიციანმა აქციის მონაწილეებს აგინა და ფიზიკურადაც შეეხო. დეპუტატი ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა.