შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და უკანონო იარაღი ამოიღო.
უწყების ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1962 წელს დაბადებული გ. გ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი და 90 საბრძოლო ვაზნა, ასევე, ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინი და მეტამფეტამინი ამოიღეს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით) მიმდინარეობს.