საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, კორუფციას არა მხოლოდ საჯარო სექტორში სჭირდება პრევენცია და აღმოფხვრა, არამედ ბიზნესში და რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიებში.
როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მონაწილე შვიდი მუნიციპალიტეტია.
„მნიშვნელოვანია ისეთი მიმართულებები ამ სტრატეგიაში, როგორიც არის საჯარო ინფორმაცია, საჯარო სამსახური, ასევე სამართალდამცავი ორგანოები, საბაჟო და საგადასახადო სისტემა, სამართალდამცველებთან ერთად, რა თქმა უნდა. მეორე ხელისუფლებაში, მართლმსაჯულებაში გამჭვირვალობისა და შეფასების კრიტერიუმები, მაგრამ მნიშვნელოვანია ისეთი დარგები, როგორებიც არის სპორტი, ინფრასტრუქტურული პროექტები. ხაზს განსაკუთრებით გავუსვამდი კერძო სექტორსა და პოლიტიკურ კორუფციას, რადგან ეს არის ის ორი მიმართულება, რომლებიც ხანდახან გვავიწყდება ხოლმე, როდესაც კორუფციაზე ვსაუბრობთ, რომ კორუფცია არა მხოლოდ საჯარო სექტორში საჭიროებს პრევენციას და აღმოფხვრას, ასევე ბიზნესში კორუფცია არის ხოლმე მწვავე გამოწვევა და რა თქმა უნდა, პოლიტიკური კორუფცია, ვგულისხმობ პოლიტიკურ პარტიებში, მათი დაფინანსების გამჭვირვალობა და დაფინანსების წესი.
მაინც მინდა, მივესალმო იმ ძალისხმევას, რომელიც ქუთაისის მუნიციპალიტეტმა გასწია, რადგან მათ ადგილობრივ დონეზე შეძლეს, რომ საკუთარი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ჰქონდეთ. შესაბამისად, მე ერთადერთი ის შემიძლია რომ მოგიწოდოთ, ამ დოკუმენტს დეტალურად გაეცნოთ და მედიისა და საზოგადოების ჩართულობა უზრუნველყოთ მისი მონიტორინგის პროცესში“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.