თუ ასეთი დანაშაული არის მომხდარი, სახელმწიფოს მხრიდან კანონი იქნება სრულად აღსრულებული, შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ასეთი ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში იქნება სამაგალითო რეაგირება, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ სახელისუფლებო გუნდი ყველაზე მკაცრად და ობიექტურად თავის მხარეს არსებულ კითხვებს აფასებს , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თბილისის საკრებულოს თანამშრომლის მიერ შესაძლო ძალადობის ფაქტზე კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტს სჭირდება პრინციპული რეაგირება და აქ ვერც პარტიული სტატუსი და ვერც სამსახური გავლენას ვერ მოახდენს.
„თუ ასეთი დანაშაული არის მომხდარი, სახელმწიფოს მხრიდან კანონი იქნება სრულად აღსრულებული. მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ასეთი ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში იქნება სამაგალითო რეაგირება, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ სახელისუფლებო გუნდი ყველაზე მკაცრად და ობიექტურად თავის მხარეს არსებულ კითხვებს აფასებს. ეს შემთხვევა გუშინ გახდა ცნობილი, ჯერ სტატუსზე და რაიმე ტიპის მოქმედებების არჩატარებაზე არ მიმაჩნია სამართლიანად, ამას სჭირდება გონივრული დრო, რამდენიმე დღე რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ყველა მოქმედებები ჩატარდეს და გაირკვეს, რა მოხდა რეალობაში“, – განაცხადა თალაკვაძემ.