საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინეთის რესპუბლიკის ელჩს, არია ინკერი მაკკონენსა და თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ჯუჰა მაკელას უმასპინძლა.
გაცნობით შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ფინეთის თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მხარეებმა საქართველოსა და ფინეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ფინეთის მხარეს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი ქვეყნების ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ეს ფორმატი საქართველოს ფინეთთან ინტენსიური თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ფინეთის როლი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაში, ფინური მხარის მიერ გამოცდილების გაზიარება ტოტალური თავდაცვის კონცეფციის შემუშავებაში და ფინეთის აქტიური ჩართულობა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში (EUMM).
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო.