“ყაზარმებში მდგომარეობა არის სავალალო. მე რამდენიმე ყაზარმა მოვიარე და გეტყვით რომ ადამიანურად დავითრგუნე”– განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირამლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “იმედი”-ს გადაცემაში ” swot- ანალიზი”.
“ჩემთვის იყო ძალიან რთული სანახავი ის მდგომარეობა, რაც იქ დამხვდა. რა თქმა უნდა ჩვენი სამხედროები, რომელბიც იქ ცხოვრობენ, ასეთ პირობებს არ იმსახურებენ და ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი მთავრობის ვალია რომ სამხედროებს ჩვენ შევუქმნათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები.
რა თქმა უნდა არ არის დამაკმაყოფილებელი ფორმის ხარისხი თუნდაც. ფორმა და ფეხსაცმელი არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ატრიბუტი ჯარისკაცისთვის და მისი პირადი აღჭურვილობა. არ არის არანაირად დამაკმაყოფილებელი ის მდგომარეობა, რომელიც ჩვენ ჯარში გვაქვს დღეს. ამ პრობლემებზე დაფუძნებით ჩვენ გავაკეთეთ შესაბამისი ანალიზი და ბიუჯეტიც შესაბამისად, გონივრულად დავგეგმეთ და არსებული სახსრების რაციონალური გადანაწილება მოვახდინეთ.
აქედან გამომდინარე მე გადავწყვიტე რომ ყველა საცხოვრებელი ყაზარმის და ყველაში ვგულისხმობ ყველას, რომელშიც ცხოვრობენ ჩვენი ჯარისკაცები, დაახლოებით 200 ყაზარმა, 2020 წელს იქნება სრულად გარემონტებული, ჩვენი ძალებით, თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო კომპანიის მიერ. მე ვაპირებ ეს გავაკეთო უშუალოდ სამხედროების ჩართულობით, მათი ზედამხედველობით… ეს უფრო გაამარტივებს პროცესს. ჯამში დაახლოებით 250-ამდე ობიექტი იქნება გასარემონტებელი 2020 წელს, ამაში შედის 50 სასადილო, ყველაფერი აბსოლუტურად სრულად უნდა იქნას აღდგენილი. ამას ემატება სპორტული მულტიფუნქციური ბაზები, მოედნები და ასე შემდეგ, 60 ლოკაცია მთელი საქართველოს მასშტაბით.
ჩვენ ვაპირებთ ასევე ფორმების, სრული ეკიპირების განახლებას.
ჩვენ ერთის მხრივ ვაცხადებთ რომ გვინდა “ნატოს” სრულფასოვანი წევრობა და მეორეს მხრივ ის სტანდარტი, რომელიც დღეს ჩვენ ჯარში გვაქვს აბსოლუტურად არ შეესაბამება “ნატოს” წევრი ქვეყნების სტანდარტებს.”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.