საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პენტაგონში აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა.
უწყების ცნობით, საქართველოსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობა არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი და ხელმოწერილი დოკუმენტი ძლიერი ალიანსისთვის მდგრად საფუძველს ქმნის. მისი თქმით, ჩარჩო-ხელშეკრულება სრულ შესაბამისობაშია თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებთან, რომელიც მიზნად ისახავს მზადყოფნისა და მდგრადი შესაძლებლობების განვითარებასა და თავდაცვის ძალების მოდერნიზაციას.
ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმებამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრს პენტაგონში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, დევიდ ნორქვისტმა უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში ოფიციალური საზეიმო ცერემონიალით დახვდნენ. ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნების შესრულების შემდეგ, ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების საპატიო ყარაულის მარში ზალპით დასრულდა.
ორმხრივ შეხვედრაზე აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილეს. აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებების დაცვისა და გავრცელების ერთობლივ ძალისხმევას ემყარება, არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი. მან მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე წარმატებული რეფორმების მიმართ. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს კონტრიბუცია ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“.
მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზეც იმსჯელეს. საუბარი შეეხო ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიით განსაზღვრულ თავდაცვის ტრანსფორმაციის მიმართულებებს და თავდაცვის ძალების მდგრადი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით დაგეგმილ რეფორმებს. განხილვის თემას წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), რომელიც საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად და აშშ-ის მხარდაჭერით წარმატებით ხორციელდება.
შეხვედრაზე აშშ-თან და ნატო-სთან ურთიერთთავსებადობის გაზრდის მიზნით მასშტაბურ მრავალეროვნულ სწავლებებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის მნიშვნელობა განიხილეს.