საქართველოს პირველი არხის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები ფულად კომპენსაციას მიიღებენ.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებს, ლიკა ალელიშვილსა და ნიკა მუხიგულაშვილს, ასევე ოპერატორ კახა ჯონჯუას, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენებისას დაშავდნენ, დღეს კომპენსაცია გადაეცათ.
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ახალი ამბების ჟურნალისტები დაცულად გრძნობდნენ თავს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად არა მარტო ახალ ამბებს აწვდიან აუდიტორიას, არამედ გარკვეულწილად ხიფათშიც იგდებენ თავს, თავს დაცულად გრძნობდნენ. ჩვენს ორგანიზაციაში გადაწყდა, როდესაც ისინი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღებენ გარკვეულ ტრავმას ან დაზიანებას, ისინი მიიღებენ კომპენსაციას. რასაკვირველია, როგორც იტყვიან, ფული არ გამოხატავს ყველაფერს, მაგრამ ეს არის თანადგომის ნიშანი და უკვე დადგენილი წესი იქნება ჩვენს ორგანიზაციაში.
ჩვენმა სამმა ჟურნალისტმა ნამდვილად პირნათლად და მე ვიტყოდი, გმირულად შეასრულა თავისი მოვალეობა. ისინი იყვნენ სახე ნამდვილი ჟურნალისტიკის. სხვებს ვუსურვებ, რომ არასდროს არ დაგვჭირდეს ასეთი კომპენსაციის გაცემა, მაგრამ საქართველოს პირველ არხზე ეს ტრადიცია უკვე დაწესდა და ასე იქნება“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.