ელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ გამოთქვამს შეშფოთებას ორმაგი სტანდარტის გამო.
„იმედის“ ჰოლდინგი გამოთქვამს შეშფოთებას იმ ორმაგი სტანდარტის გამო, რასაც თვალს ვადევნებთ ბოლო დღეების განმავლობაში – გაუგებარია ჩვენს მიმართ გამოთქმული ბრალდებები იმის ფონზე, რომ, სინამდვილეში, თავის დროზე, სწორედ ჩვენ აღმოვჩნდით არაკონკურენტულ გარემოში ჩვენი მაშინდელი პირდაპირი კონკურენტის – ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. მაშინ „რუსთავი 2“-მა შეწყვიტა გადასახადების გადახდა და ეს პირდაპირი ეთერით გვამცნო. ამ ტელეკომპანიამ დემონსტრატიულად შეაჩერა საგადასახადო ვალდებულებების შესრულება, რითაც მოიპოვა სრულიად უსამართლო და დაუმსახურებელი კონკურენტული უპირატესობა, „რუსთავი 2“ ბიუჯეტში გადასახდელი თანხის „დაზოგვით“ აუმჯობესებდა თავის სამაუწყებლო პროდუქტებს, რაც მაუწყებლის შემოსავლის ზრდის პირდაპირპროპორციულია. თუმცა, მაშინ არც საპროტესტო აქცია გვინახავს და არც არსებული უსამართლო გარემოს მთავარი განმაპირობებელი პირების მიმართ გამოთქმული პრეტენზია მოგვისმენია.
ტელეკომპანია „იმედი“, მიუხედავად „რუსთავი 2“-ის გადაწყვეტილებისა, დიდი ხნის განმავლობაში აგრძელებდა გადასახადების გადახდას იმ კრიტიკულ მომენტამდე, როცა შეგვექმნა ჩიხური მდგომარეობა და ჩვენი შემოსავლისა და ხარჯის ბალანსმა ფიზიკურად აღარ მოგვცა სრულყოფილი ფუნქციონირების საშუალება.
სწორედ ამის გამო გახდა „იმედი“ იძულებული, შეეჩერებინა საგადასახადო ვალდებულებების შესრულება.
ასევე შეგახსენებთ, რომ, როგორც კი ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და მოუწოდა მაუწყებლებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისკენ, ჩვენ უმოკლეს ვადებში წარვადგინეთ დავალიანების გადახდის გრაფიკი და დავიწყეთ მიმდინარე გადასახდის გადახდა. დღეის მდგომარეობით, ჩვენი მიმდინარე დავალიანება შეადგენს ნულს. დარჩენილ დავალიანებას კი, დავფარავთ სრულად, იმგვარი გრაფიკით, რომ ჩვენს ჰოლდინგში შემავალი ტელეკომპანიები არ დადგნენ დახურვის საფრთხის წინაშე“, – აღნიშნულია „იმედის“ განცხადებაში.