„თემირლან მაჩალიკაშვილის ტერორისტებთან კავშირი არც ოპოზიციაში იწვევს კითხვის ნიშნებს“, – ამის შესახებ გადაცემაში „არენა“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კობა კობალაძემ განაცხადა.
„მადლობა უნდა ვუთხრათ შესაბამის სტრუქტურებს, რომლებმაც ჩანასახშივე აღკვეთეს ეს თემა, და მივუსამძიმროთ იმ სპეცრაზმელთა ოჯახებს, რომლებიც შეეწირნენ ჩვენი ქვეყნის სიმშვიდეს. ვინ რას როგორ უყურებს, ეს სხვა საკითხია. ჯოჰარ დუდაევს აქვს ნათქვამი ასეთი ფრაზა – სიმართლე ბევრია, ჭეშმარიტება კი ერთადერთი. ეს თემა რომ გავშალოთ, არსებობს სამართლებრივი, პრაქტიკული და პოლიტიკური ნაწილი. სამართლებრივ ნაწილში ჩვენ დავინახეთ ყველაფერი – მაინცდამაინც იქამდე არ უნდა მისულიყო საქმე, რომ თავზე ხელი შემოგვერტყა და გვეთქვა, უი, რატომ არ აღკვეთესო. რა თქმა უნდა, მეც ვარ მამა, ხუთი შვილი მეზრდება, მათ შორის ოთხი ბიჭი, და ადამიანურად მესმის და ვუსამძიმრებ შვილმკვდარ მამას, მაგრამ არსებობს სახელმწიფო უსაფრთხოება, ტერორიზმს კი არ აქვს საზღვრები.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება და სპეცრაზმის მომატებული საფრთხის, რისკის მქონე მიმართულებაზე გასვლა, შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ეს მომატებული საფრთხე ვინმეს ფანტაზიის ნაყოფი არ ყოფილა და ოპერაციას სპეცრაზმელის სიცოცხლე შეეწირა.
ჩვენ მოვისმინეთ სამხარაულის ბიუროს დასკვნა და ამაზე ყველა კითხვა მოიხსნა – თუ ცეცხლსასროლი იარაღი ექსპერტიზაზე არ ისვრის, მის მფლობელს ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის ბრალს ვერ წაუყენებ. ეს ჩვეულებრივი პროცედურაა. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტს, ყველაზე საინტერესო თემა, რაც ოპოზიციამ სტრასბურგში გაასაჩივრა, იქ არ არის საუბარი იმაზე, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორისტული ორგანიზაციის მონაწილე ან ხელშემწყობი იყო. გასაჩივრებულია ის, რომ არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული. ეს ნიშნავს იმას, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ამ პირებთან კავშირი არც ოპოზიციაში იწვევს კითხვის ნიშნებს. ეშმაკსაც სულით მიეყიდებიან, ოღონდ მათი მიზანი იყოს ხორცშესხმული“, – განაცხადა კობალაძემ.