სახელი: მაია.
გვარი: ჯაბუა.
პროფესია: მომღერალი.
– ბავშვობა…
– ძალიან გამიმართლა მეც და იმ გოგონებსაც, რომლებთან ერთადაც „მზიურში“ მოვხვდი. ეს არ იყო მხოლოდ გასტროლები, პოპულარობა, სითბო და სიყვარული, ამის უკან იდგა ძალიან დიდი შრომა, რომელსაც მაშინ ვერ ვხვდებოდით. საკმაოდ მკაცრი რეჟიმით ვცხოვრობდით: რეპეტიციები, დღეში 2-3 კონცერტი, აეროპორტები, გადადებული ფრენები… ბევრი რამ გამოვიარეთ. ბავშვობა იმითია მართლა საოცარი, რომ ყველაფერს სხვა თვალით უყურებ და მიუხედავად დაღლისა, მაინც ახერხებ თამაშს, ხალისს, სიცილს.
– მშობლების როლი…
– ძალიან დიდი მადლიერების გრძნობა მაქვს ამ ადამიანების მიმართ. მე და ჩემი დები გაგვანებივრეს სიყვარულით, სითბოთი და რაც ყველაზე მთავარია, საოცარი ნდობა ჰქონდათ ჩვენ მიმართ. პროგრესული ადამიანები იყვნენ და არ ჰგავდნენ იმ თაობის მშობლებს. გვენდობოდნენ, სჯეროდათ ჩვენი და თავისუფლად გვზრდიდნენ. როცა ადამიანს ასე სჯერა შენი, შეუძლებელია იქ რაღაც უღირსი ჩაიდინო.
– ჩემი პროფესია განაპირობა…
– ოცნებაც ვერ მოვასწარი, ისე ორგანულად მოხდა ყველაფერი. არ მქონია ის მომენტი, რა უნდა გამოვიდე და რა უნდა ავირჩიო. თავიდანვე სიმღერა იყო ჩემი საქმე, იმიტომ კი არა, რომ მე მინდოდა, იმიტომ რომ ასე მეწერა. როცა ჩაბარების მომენტი დადგა, უფრო თეატრალურისკენ ვიხრებოდი, მაგრამ მამამ ცხოვრებაში არაფერი მითხოვია და იქნებ ინგლისური ფილოლოგია აირჩიოო. ისეთი მამა მყავდა, არ შემეძლო მისთვის უარი მეთქვა და დავთანხმდი. თან, ისე მოხდა, რომ მთელი „მზიური“ უნივერსიტეტში შევიკრიბეთ.
– მეშინია…
– სტიქიების, სადაც უძლური ხარ და ადამიანზე არაფერია დამოკიდებული. არ შეგიძლია, გააკეთო ის, რაც გინდა, დაეხმარო ან უშველო ვინმეს. ნებისმიერი მდგომარეობიდან არის გამოსავალი, გარდა სტიქიისა. როცა უსუსური ხარ და ხვდები, რომ ეს რაღაც შენზე ძლიერია და ვერაფერს გააკეთებ, ამაზე საშიში არაფერია.
– ცოდვა – ეს არის…
– სხვისთვის სიცოცხლის წართმევა ყველაზე დიდი ცოდვაა. ეს არ არის ადამიანის ნება, რადგან თავად დაბადებას არ წყვეტს. შენ, უბრალოდ, ის ხარ, ვისი საშუალებითაც ხდება სიცოცხლის მოყვანა ამქვეყანაზე. დანარჩენი, ყველაფერი ზემოთ წყდება და იქ ჩარევა ნამდვილად ცოდვაა.
– მწამს…
– უფრო ის ადამიანი ვარ, ვისაც სიკეთის სწამს. მწამს ბედნიერებისა და კეთილი საქმეების. იმ საწყისის მწამს, რამაც ეს ყველაფერი ამ ქვეყანაზე მოიყვანა.
– მაღიზიანებს…
– საერთოდ, მაქვს უნარი, რაც არ მომწონს, ის ჩემთვის არ არსებობდეს – არ ვიმჩნევ და არ ვიღიზიანებ თავს ამის გამო. უზრდელ და თავხედ ადამიანებს ვერ ვიტან. არ მომწონს, როცა ქუჩაში ცუდად აჩერებენ მანქანას, არ უთმობენ გზას… არ მიყვარს, როცა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და სხვას რა დაემართება, არ აინტერესებთ. ეს ჩემთვის უკულტურობაა. ასეთი ადამიანები გვიშლიან ხელს, რომ ქუჩაში ვიაროთ, აფერხებენ მოძრაობას და გვიფუჭებენ განწყობას. ღირსება უნდა ჰქონდეს ადამიანს. შესაძლოა, განათლებული და წარმატებულიც იყო, მაგრამ ღირსების შეგრძნება არ გაგაჩნდეს.
– ვრისკავ, როცა…
– რატომღაც მგონია, ადამიანი თავად იგონებს „კისრის მოსატეხს“. ვერ ვიტყვი, რომ რისკიანი ვარ, თუმცა, როცა თავად ცხოვრება მიგზავნის სერიოზულ განსაცდელს, მას პირდაპირ ვიღებ, არ ვემალები და რეალობას ვაღიარებ. ყველაფერს ვაკეთებ, რომ გავუმკლავდე. ისე, რომ პარაშუტით გადმოვხტე და რაღაც მსგავსი, ამის სურვილი ნამდვილად არ მიჩნდება.
– ბედისწერა…
– მჯერა, რომ დიდი საკვანძო მოვლენები, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, სადღაც სხვაგან იგეგმება და სწორედ ეს არის ბედი, ბედისწერა. ამ მოვლენიდან მოვლენამდე გზა კი ჩვენი გასავლელია, სადაც თავად ვიგონებთ, ვაკეთებთ და ვქმნით. ამ გზაზე ჩვენ გვეშლება ან პირიქით. ჩემთვის ყველაზე ძლიერი ორგანო ტვინია. ტვინიდან თუ მისცემ მიმართულებას, აუცილებლად გააკეთებ იმას, რაც გსურს. თუ გინდა, გამოიყენებ ტვინს, თუ არა, რაც ვერ გამოგივა, სხვას დააბრალებ ან იმას, რომ ბედი არ გაქვს.
– სიყვარული – ეს არის…
– უსასრულო პროცესი. ის უშენოდაც გრძელდება და სულ არსებობს. ჩემთვის მარადიულია. ის ენერგიაა, რომელსაც სიცოცხლე, გათენება, დაღამება, ოცნება,
შრომა ჰქვია. კონკრეტული ურთიერთობის დასრულება არ ნიშნავს, რომ სიყვარული დასრულდა. რომ დაიბადე და აღარ ხარ მარტო იმ მონაკვეთში კი არაა ეს გრძნობა, ის შენამდეც იყო და შენ მერეც გაგრძელდება. მე მგონია, რომ მზეა სიყვარული, რომელიც იყო და იქნება მარად.
– იდეალური მამაკაცი…
– ჩვენ თვითონ არ ვართ იდეალურები და რატომ გვინდა, ვიპოვოთ იდეალური მამკაცი, არ მესმის. იდეალური, რომც შეგხვდეს, შესაძლოა, სულ არ მოგეწონოს. ადამიანი, რომელიც გიყვარს, ვისთანაც გინდა, მთელი ცხოვრება გაატარო, ის არის შენთვის იდეალური, მაგრამ სხვისთვის შეიძლება – არა. ამიტომ ორი ადამიანის ურთიერთობაში არასოდეს უნდა ჩაერიოს მესამე, მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, ერთმანეთისთვის იდეალურები არიან თუ არა. მესამე ვერც გაიგებს, რატომ არის ამ წყვილის არჩევანი ასეთი. ჩემთვის იდეალური მამაკაცი არის ჩემი მეუღლე. ამდენი წელია, ერთად ვართ და შეჩვევის და რუტინის მომენტი არ გვაქვს.
– ჩემი ცხოვრების მთავარი შეხვედრა…
– როცა დედამ გადაწყვიტა და გაგვასეირნა „ლაღიძის წყლებში“, მერე პიონერთა სასახლეში შეგვიყვანა, სადაც უცებ აღმოჩნდა, რომ არის ვოკალურ ჯგუფში მიღება. დედამ, უბრალოდ, მითხრა, თუ შევიდოდი და ვიმღერებდი. მეც დავთანხმდი. აქედან დაიწყო ყველაფერი. სწორ დროს სწორ ადგილზე რომ მოხვდები, მერე ეს განაპირობებს შენი ცხოვრების გზას და არჩევანს.
– მშურს…
– არავისი და არაფრის. მართლა ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ეს გრძნობა არ გამაჩნია. არანაირი სიმძიმე არ მაწუხებს და ამ საშინელი სენისგან აბსოლუტურად თავისუფალი ვარ. ის ადამიანიც არ ვარ, რომ ეჩვენებათ, თითქოს მისი შურთ. თუ ვინმეს ჩემი შურს, ღმერთმა აპატიოს. უბრალოდ, ვერ ვიტან, რომ ამბობენ: მე იმდენი მტერი მყავს, ჩემი იმდენს შურს… ცოტა მეცოდება ასეთი ადამიანი, რაზე ნერვიულობს და რა ეჩვენება. მე მაქვს ნიჭიერების, სილამაზის აღქმისა და დანახვის უნარი.
– სამაგიეროს გადახდა…
– უღირსი საქციელია. თუ რაღაც არ მომწონს ან ადამიანს შეეშალა და ეს ადამაინი ძვირფასია ჩემთვის, ამას არ შევიმჩნევ. თუ არც ისე ახლობელია, შემიძლია, იგნორი გავუკეთო. ამას ხელოვნურად არ ვაკეთებ, ასე გამომდის და ვფიქრობ, ეს არის სასჯელი მისთვის.
– ვეჭვიანობ…
– არასოდეს არაფერი მელანდება და მაწუხებს. ცოტა პათოლოგიად მიმაჩნია, როცა ადამიანი ფანტაზიას აღვივებს და ეჭვებში ვარდება. ჩემთვის ეს მაზოხიზმია. რაღაცას ვხედავ, ვგრძნობ ან ვხვდები, მაგრამ ისე, რომ დავჯდე და დავიწყო ფიქრი: იმან რა თქვა ჩემზე, იმან ისე არ შემომხედა და ასე შემდეგ – არა. ეს უფრო არაჯანსაღი ფსიქიკის ბრალია.
– მრცხვენია…
– ისეთი არაფერი ჩამიდენია, რომ შემრცხვეს. არ ვთვლი, რომ ბოდიშის მოხდა ადამიანს ამცირებს, ეს მის შეგნებასა და ძალაზე მეტყველებს. თუმცა, ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, ბოდიშები არ ვიხადო და ვიღაცასთან უხერხულად არ ვიგრძნო თავი. ანგარიშს ვუწევ იმ საზოგადოებას, რომელშიც ვცხოვრობ, რომელმაც ბავშვობიდან შემიყვარა. მათი სიყვარული დიდი პასუხისმგებლობაა. იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ ხალხის აზრი არ აინტერესებთ. სწორედ, იმიტომ აკეთებენ ყველაფერს, რომ პოპულარულები გახდნენ. არც მიფიქრია პოპულარობა, ისე შემიყვარა ხალხმა და როგორ ვთქვა, არ მაინტერესებს რას იტყვიან ისინი ჩემზე? ძალიანაც მაინეტრესებს და ყოველთვის ვუწევ ანგარიშს. მათ დასანახავად კი არ ვიქცევი კარგად, უბრალოდ, ასე ვცხოვრობ.
– მაკომპლექსებს…
– კომპლექსები არ მაწუხებს, მაგრამ ძალიან აქტიური თუ ხარ, ცოტა ზღვარიც გეშლება, მერე უზრდელი ხდები და ფიქრობენ, რომ ეს უკომპლექსობაა. სამწუხაროდ, ეს არის თავხედობა ან ცოტა აღზრდა გაკლია. თავშეკავებული ადამაინი ვარ, თუმცა სადაც საჭიროა, აუცილებლად ვიტყვი ჩემს სათქმელს, ოღონდ კორექტულად. მე ასე აღვიზარდე და ეს ფორმა მომწონს. ალბათ, სცენაზეც არ დავდგებოდი, კომპლექსები რომ მქონოდა – სცენა და კომპლექსები შეუსაბამოა.
– ვზარმაცობ…
– როცა არანაირი საქმე არ მაქვს და ყველაფერი გაკეთებულია, მაშინ სიამოვნებით ვზარმაცობ. ესეც აუცილებელია და უნდა იცოდე, როგორ იზარმაცო. ამბობენ, რომ უსაქმოდ არ შეუძლიათ. ისე კარგად შემიძლია, გადასარევად. ბოლომდე ვირგებ იმ წუთებს, როცა არაფერი მაქვს საკეთებელი. ამ დროს ნამდვილი „კურო“ ვარ ხოლმე (იცინის).
– ქალური სისუსტე…
– ძალიან მომწონს და მაბედნიერებს, რომ ქალი ვარ, თან ძალიან ქალი ვარ. არანაირი სურვილი არ მაქვს ვეჭიდავო კაცს, რადგან არ მაწუხებს თანასწორობის პრობლემა – არასოდეს ვყოფილვარ მეორეხარისხოვანი და ალბათ, ამიტომ. მამასთვისაც ძვირფასი ვიყავი და მეუღლესთანაც არ მაქვს ამის დანაკლისი. ჩემი ბიჭებიც მანებივრებენ და არავინ მაგრძნობინებს თავს უფლებებშეზღუდულად. მიყვარს ყველაფერი, რაც უნდა უყვარდეს ქალს: შოპინგი, კოსმეტიკა, ჩანთა, ფეხსაცმელი… სილამაზე მიყვარს და ეს არის ჩემი სისუსტე.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ…
– როცა მამა ცუდად იყო, ასეთი რამ მითხრა: რამდენჯერაც დაგჭირდება, იმდენჯერ დაიწყე შენი ცხოვრება თავიდან, სანამ ბედნიერი არ იქნებიო.
http://tbiliselebi.ge/