საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივან ფილიპ ჰამონდს შეხვდა.
საუბრის ძირითადი თემები ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, საქართველოს ევროპული არჩევანი, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგი და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იყო.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ პროცესში ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
ფილიპ ჰამონდმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობით და ე.წ ბორდერიზაციის პროცესით დაინტერესდა.
საუბარი ასევე შეეხო 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს არჩევნების სრულ შესაბამისობას დემოკრატიულ საარჩევნო პრინციპებთან.
დადებითად შეფასდა თანამშრომლობის ფორმატი „უორდროპის დიალოგი“, რომელიც ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს და პრაქტიკულად სტრატეგიულ თანამშრომლობას უტოლდება. ხაზი გაესვა ამ ფორმატის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას