რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის მომხმარებელმა გამოაქვეყნა სტატუსი სადეზინფექციო ხსნარის შესახებ, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალებებში და მათ შორის “ექსკლუზივ ნიუსის” საიტზეც გავრცელდა სათაურით მავნებლური თაღლითობა – ანტივირუსული პრეპარატი სინამდვილეში ცეცხლმაქრი აღმოჩნდა.
აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სადეზინფექციო ხსნარის მწარმოებელმა კომპანიამ Bursan LTD-მ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“მოგესალმებით, პატივცემულო მეგობრებო!
მე გახლავართ, ვახტანგ გუგუნაძე, შპს „ბურსანის“ ხელმძღვანელი და სადეზინფექციო აეროზოლ „აკოსეპტის“ მწარმოებელი.
ჩვენს მიერ წარმოებულმა პროდუქტმა დიდი მითქმა-მოთქმა და მომხმარებელთა უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც გულწრფელ ბოდიშს გიხდით და აქვე მინდა განვმარტო, რომ აეროზოლი „აკოსეპტი“ ნამდვილად შეესაბამება მის ეტიკეტზე განთავსებულ მონაცემებს. ვისაც გაქვთ შეძენილი, მოთხოვნის შემთხვევაში, მოგაწვდით „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბაქტერიების და ვირუსების ეროვნული საცავი“-ს მიერ გაცემულ ლაბორატორიულ დასკვნას (ID 20CO188018).
გაურკვევლობა და თქვენი გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია ტარამ (ქილამ), რაზეც მოგახსენებთ, რომ მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებით მზარდი მოთხოვნის გამო, ტარის (ქილის) მწარმოებელი კომპანიები ითხოვენ 3-4 თვეს, აქედან გამომდინარე ჩვენ გამოვიყენეთ ჩვენს ხელთარსებული ცეცხლმაქრის საწარმოებლად განკუთვნილი ტარა (ქილა), რაც ჩვენი კომპანიის მარკეტინგული შეცდომა იყო.
პროდუქტის მოთხოვნიდან გამომდინარე, წარმოების პროცესი მიმდინარეობს ხელთარსებულ ტარაში (ქილებში).
იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი მარკეტინგული შეცდომა აღარ გამოიწვევს შემდგომ გაუგებრობას” – ნათქვამია განცხადებაში.