აშშ ცდილობდა, ნატო-ს მოკავშირეები ჩაერთო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს „სისტემური დემონტაჟის“ კამპანიაში, რამაც კიდევ უფრო დაძაბა ისედაც რთული ტრანსატლანტიკური ურთიერთობები. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ სამ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ნატო-ს წევრი 32 ქვეყნის ელჩების დახურულ შეხვედრაზე, რომელიც ივლისის შუა რიცხვებში ბრიუსელში გაიმართა, აშშ-ის წარმომადგენელმა, მეთიუ უიტეკერმა ალიანსის წევრ ქვეყნებს საერთაშორისო სასამართლოს დაშლაში დახმარება და სასამართლოს დამფუძნებელი დოკუმენტის, რომის სტატუტის დატოვებისკენ მოუწოდა.
მათი ინფორმაციით, უიტეკერმა თავისი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, ვინ დგას ამერიკის გვერდით“.
„პოლიტიკო“ წერს, რომ, უიტეკერის განცხადებების პარალელურად, აშშ-ის მისიამ ნატო-ს დელეგაციებს გაუგზავნა დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია: „აშშ სისტემურად დაშლის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაძლებლობებს. ჩვენ მტკიცედ მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ გადადგათ ნაბიჯები სასამართლოდან გასასვლელად“.
ვაშინგტონმა მოკავშირეებს ასევე მოუწოდა, „შეისწავლონ, თუ რა საფრთხეს უქმნის სასამართლო მათ ქვეყნებს, „საჯაროდ დაგმონ“ სასამართლოს „გადაჭარბებული უფლებამოსილება“ და „დაუყოვნებლივ შეწყვიტონ“ სასამართლოს ნებისმიერი მატერიალური მხარდაჭერა.
დოკუმენტში ასევე წერია: „მოდით, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ეს ფარსი“.
ცნობისთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ყველა ქვეყანა, თურქეთისა და აშშ-ის გარდა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის წევრია.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ კამპანია მიმდინარე ზაფხულში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ წამოიწყო. ის სასამართლოს აშშ-ის სუვერენიტეტში ჩარევაში ადანაშაულებს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2002 წელს შეიქმნა იმ ადამიანების სისხლისსამართლებრივი დევნისთვის, რომლებიც ყველაზე მძიმე საერთაშორისო დანაშაულებში, მათ შორის, გენოციდსა და ომის დანაშაულებში არიან ბრალდებულები.
