მმართველ გუნდში ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის წერილზე და ოპონენტების გამოხმაურებაზე ამბობენ, რომ ოპოზიციას საერთოდ არ სურს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ნორმალურ გარემოში ჩატარდეს.
გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების ინტერესშია, რომ დესტრუქციული გეგმა განახორციელონ ამ მიმართულებით. მისივე თქმით, ანრიუს კუბილიუსის ეს წერილი სწორედ ამ გეგმის ნაწილია. მეტიც, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ევროდეპუტატი მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეა.
“კუბილიუსის განცხადება მნიშვნელოვანწილად სააკაშვილის კლასტერის – პარტიების განცხადებას ეხმიანება. ამათთვის თვითონ არჩევნები არ არის მისაღები ფორმა, ვინაიდან დესტრუქცია სტრატეგიული გეგმაა, რომლის შემადგენელი ნაწილია ევროპარლამენტარის განცხადებაც. სრულიად უსაფუძვლოდ, ევროპარლამენტის ავტორიტეტსაც ჩრდილს აყენებს, ვინაიდან მოგვიწოდებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურა ჩაერიოს მართლმსაჯულებაში. ეს, მის მოკავშირე სააკაშვილს ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ ამგვარი პრაქტიკა ჩვენთან აღარ არსებობს. კუბილიუსს ეტყობა, ის პერიოდი ახსოვს,”- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება. წერილში აღნიშნულია, რომ სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას საქმეები სათანადოდ არ იყო გადაჭრილი.