“მთავარ არხს” ორი ახალი მეწილი ჰყავს. 22 მაისს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ცვლილებებით არხის მოქმედმა მფლობელებმა: ნიკა გვარამიამ და კახაბერ ანჯაფარიძემ ჯამში ტელევიზიის წილის 38% გაასხვისეს.
მიმდინარეობს სხვა ფინანსური ოპერაციებიც, რაც ჯერ საჯარო რეესტრში არ ასახულა.
მთავარი არხის 37%-იანი წილის მესაკუთრე ბაკურ ჯახაია გახდა. ხელშეკრულების თანახმად, უკრაინის მოქალაქე ჯახაიამ ტელევიზიის წილში 37 ათასი ლარი გადაიხადა. ამას გარდა, დოკუმეტებში მითითებულია რომ ჯახაია ვალდებულებას იღებს ტელევიზიის საწესდებო კაპიტალში გარკვეული თანხა შეიტანოს. ეს 37 პროცენტი ბაკურ ჯახაიამ ნიკა გვარამიასგან იყიდა. გვარამიამ მანამდე არხის წილის საკონტროლო პაკეტს (51%) ფლობდა. აღსანიშნავია, რომ ჯახაია დაკავშირებულია ნიკოლოზ სისაურთან, რომელიც თავის მხრივ უკვე ფლობს “მთავარი არხის” 3 პროცენტს. ნიკოლოზ სისაური ოფიციალურ დოკუმენტებში ჯახაიას წარმომადგენლად ფიგურირებს. სისაური ტელეკომპანია “საქართველოს” დირექტორია, რომლის მფლობელებიც კობა ნაყოფიას შვილთან ერთად, ძმები ყარამანიშვილები არიან. ყარამანიშვილები თავის დროზე რუსთავი 2-ის წილებს სწორედ ტელეკომპანია საქართველოს გავლით ფლობდნენ.
აშშ-ს მოქალაქე თეიმურაზ ვასილიძემ არხის 1% ანჯაფარიძისგან 1000 ლარად შეიძინა. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ვასილიძემ 2020 წლის 3 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე არხის კაპიტალში 100 ათასი დოლარი კაპიტალში უკვე შეიტანა.
რეესტრის მიხედვით, არც ვასილიძეს და არც ჯახაიას”მთავარი არხის” გარდა საქართველოსთან სხვა სახის ბიზნესაქტივობა არ აკავშირებთ.გაგრძელება