უკვე რამდენიმე კვირაა, თბილისის მერს, კახა კალაძეს ახალი მოადგილე ჰყავს. სოფიო ხუნწარია ამ პოსტზე ახალგაზრდა ფინანსისტმა ანდრია ბასილაიამ შეცვალა.
ანდრია ბასილაია ცნობილი ქართველი ხელოვანების ოჯახიდან არის. მისი ბაბუა მამის მხრიდან მუსიკოსი და ანსამბლ „ივერიას“ დამფუძნებელი ალექსანდრე ბასილაია გახლდათ, ხოლო დედის მხრიდან ცნობილი ქართველი რეჟისორი ელდარ შენგელაია.
მისი ბებია დედის მხრიდან გახლავთ, ქართული კინოს დაუვიწყარი სახე – არიადნა შენგელაია.
მისი ბებია დედის მხრიდან გახლავთ, ქართული კინოს დაუვიწყარი სახე – არიადნა შენგელაია.
საზოგადოება შესანიშნავად იცნობს, ანდრია ბასილაიას მამას, მხატვარ ანრი ბასილაიას. ანრი ბასილაიას ანდრია პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
ანრი ბასილაია ბოლო დროს ძირითადად პარიზში ცხოვრობს, მასთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობენ მისი უმცროსი ქალიშვილებიც. ანდრია ბასილაიას უმცროსი და ლიზა ბასილაია დიჯეია.
მამისგან და დისგან განსხვავებით, ქალაქის კულტურის სამსახურის უფროსი მუსიკას არ გაჰყვა და ამერიკაში მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, საცხოვრებლად საქართველოში დაბრუნდა.
მუსიკოსმა ნუგზარ კვაშალმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა, რომ ბასილაია ანსამბლ „ივერიას“ წევრების ხელშია გაზრდილი.
„ჩვენს ხელში გაზრდილი ბავშვია, ანრის და ნატალია შენგელაიას შვილია. თავიდანვე ნიჭიერი იყო, სრულიად პატარა ასაკში წავიდა ამერიკაში და იქ მიიღო განათლება.
ალექსანდრე ბასილაიას შვილიშვილია, მაგრამ არასოდეს უთქვამს ვიმღერებო, ამიტომ არც უმღერია“.
ნუგზარ კვაშალთან საუბრის შემდეგ, „პრაიმტაიმი“ ანდრია ბასილაიას ბაბუას, რეჟისორ ელდარ შენგელაიას დაუკავშირდა.
– ანდრო ხელოვანების ოჯახში გაიზარდა, ბუთხუზს (ალექსანდრე ბასილაიას) დიდი წვლილი აქვს მის აღზრდაში და განათლებაში შეტანილი, რადგან მათთან იზრდებოდა.
ანდრომ სკოლის ბოლო კლასები ამერიკაში დაამთავრა, ფილადელფიაში მიიღო უმაღლესი განათლებაც.
სერიოზული ბავშვი იყო, დინჯი. მიხარია იქ რომ დანიშნეს, მაგრამ წესიერი კაცია და თან მეცოდება. იმედი მაქვს სასიკეთო საქმეს გააკეთებს ხელოვანი ხალხისთვის.
– რატომ არ გაყვა ბაბუების კვალს?
– არ ვიცი მუსიკას და რეჟისურას რატომ არ გაჰყვა. სხვა გზა აირჩია, ფინანსური განათლება აქვს და რაც მთავარია წესიერი კაცია.
სერიოზულ სამსახურებში მუშაობდა, ბოლოს ვიცი ენერგეტიკის სამინისტროში მუშაობდა, იქედან გადავიდა მერიაში.
ფინანსისტია, ეკონომისტია, კარგი მენეჯერია და არ გაუჭირდება ამ თანამდებობას კარგად გაართვას თავი. ჩვენ არ მივალთ და დახმარებას არ ვთხოვთ.
ანსამბლ „ივერიაში“ გაიზარდა, მუსიკაც უყვარს და კინოც, ჩემი ფილმების პრემიერაზე სულ დადის.
– ვინ არის მისი მეუღლე და სად გაიცნო?
– ბალტიისპირელი მეუღლე ჰყავს ვიტალია პაპაიტე-ბასილაია, რომელიც ამერიკაში სწავლის დასრულების შემდეგ, თბილისში გაიცნო. ორი შვილი ჰყავს – გოგო და ბიჭი.
წყარო: “პრაიმტაიმი”