„საქართველოს რკინიგზამ“ დღეს დილიდან მატარებლის ბილეთების ონლაინ გაყიდვა განაახლა.
სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან აღდგება, შესაბამისად მგზავრებს სამგზავრო ბილეთის შეძენა წინასწარ შეეძლებათ.
მაგისტრალური მატარებლები 15 ივნისიდან ხუთი მიმართულებით დაიწყებენ მოძრაობას: თბილისი-ბათუმი, თბილისი-ოზურგეთი, თბილისი-ფოთი, თბილისი-ზუგდიდი, თბილისი-ქუთაისი.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია „საქართველოს რკინიგზის“ აპლიკაციით სასურველი ადგილის არჩევით; ასევე „საქართველოს რკინიგზის“ ვებგვერდის საშუალებით; სწრაფი გადახდის აპარატებითა და „საქართველოს რკინიგზის“ პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.
ინსტრუქციების თანახმად, მგზავრებმა ვაგონში შესვლამდე უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია; მგზავრები გაივლიან თერმოსკრინინგს; ვაგონში შესვლისთანავე უნდა გაიარონ ასევე დეზობარიერი; აუცილებელია ხელების დამუშავება ვაგონში განთავსებული დისპენსერის სადეზინფექციო ხსნარებით; მატარებელში მგზავრები არ დაიშვებიან პირბადის გარეშე.
