თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეული ტელევიზიებისა და პოლიტიკური ორგანიზაციების მხრიდან გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციული ხასიათის განცხადებებს, რომლებიც უკავშირდება თავდაცვის კორექტირებულ ბიუჯეტს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
როგორც საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, მთავრობის ანტიკრიზისული ბიუჯეტით თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში თავდაცვის ბიუჯეტი 75 მილიონი ლარით დაკორექტირდება. აქედან 30 მილიონი ლარი უკავშირდება 2018 წელს დადებული ფრანგული პროექტის ხელშეკრულებას, რომელიც ხორციელდება. აქვე, გვსურს საზოგადოებისთვის მკაფიოდ განვმარტოთ იმ ცილისმწამებლურ სპეკულაციებთან დაკავშირებით, თითქოს საუბარი იყოს 2015 წელს დადებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც 2018 წელს დასრულდა და ამ ხელშეკრულებით ფრანგული საჰაერო თავდაცვის სისტემები უკვე შეძენილია და ფუნქციონირებს.
რაც შეეხება უშუალოდ 2018 წელს დადებულ ახალ ხელშეკრულებას ფრანგულ მხარესთან, ის მოიცავს შესრულების რამდენიმე ფაზას, რაც მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან აღნიშნული პროგრამა არ შეფერხებულა. უფრო მეტიც, ვინაიდან პროექტი ფინანსდება ფრანგული კერძო ბანკიდან აღებული კრედიტით, ბიუჯეტიდან ამ ეტაპზე ფინანსური სახსრების არ არსებობის შემთხვევაშიც კი, პროექტის დაფინანსება, ანგარიშსწორება შესაძლებელი იქნება ასიგნებებში თანხის არ არსებობის შემთხვევაშიც.
შესაბამისად, ოპოზიციამ, მათ შორის თავდაცვის ყოფილმა მინისტრებმა, ისიც კი არ იციან, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებს პირდაპირ გადახდას, რაც იმას გულისხმობს, რომ ასიგნებებში თანხის არ არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ანგარიშსწორება. ვინაიდან ფაზის დასრულება ახლაც შეუფერხებლად მიმდინარეობს, წარმოდგენილი სამუშაოები დაფინანსდება ასიგნებაში დარჩენილი 5 მილიონი ლარით და დანარჩენი თანხა გადაირიცხება პირდაპირი გადახდით, ფრანგული ბანკის მეშვეობით. რაც შეეხება დანარჩენ კორექტირებულ თანხას და სპეკულაციებს, თითქოს თავდაცვის სამინისტრო ვეღარ შეასრულებს ბიუჯეტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, მოგახსენებთ, რომ 2006-07 წლებში ერაყში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობისთვის, საქართველოს მთავრობისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი იყო 21,735,460.80 აშშ დოლარი, რომელიც არ იყო ათვისებელი წინა ხელისუფლების უმოქმედობის გამო. შესაბამისად, სამინისტრომ განახორციელა აღნიშნული თანხების ათვისება შეიარაღებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. ამგვარად, სამინისტროს არავითარი დანაკლისი არ აქვს. ამგვარად, სამინისტრო არის სრულ კოორდინაციაში ფრანგულ მხარესთან და პროექტი დასრულდება 2021 წელს.
უფრო მეტიც, საჰაერო თავდაცვის უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების მიზნით, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებებით, გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რაც გამოიხატება საზენიტო სარაკეტო სისტემების განახლებასა და მოდერნიზებაში. ასევე სრულად განახლდება საფრენი აპარატები, მათ შორის „სუ-25“-ი, მოიერიშე ვერტმფრენები „მი-24“. ასევე, დამატებით მოხდება ტანკსაწინააღმდეგო სისტემების „ჯაველინი“-ს შესყიდვა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცალკეული მედია საშუალებებისა და პოლიტიკურად მიკერძოებული პირების მხრიდან აშკარა მცდელობაა, უშედეგოდ დააკავშირონ ერთმანეთს ორი განსხვავებული ხელშეკრულება გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციების მიზნით. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში დაწყებული ბინძური ცილისმწამებლური კამპანიები კვლავ გრძელდება და ამაოდ ცდილობს ზიანი მიაყენოს თავდაცვის ძალების ავტორიტეტსა და იმიჯს.”