გვაქვს ბრიფინგი, რომელმაც ბევრი კითხვა დაბადა და ანალიზს მოითხოვს, თუმცა სრული ანალიზისთვის ჩვენ მასალები არ გვყოფნის. უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რადგან გამორიცხულია, რომ ასეთ ხმაურიან თემას არ მოჰყვეს შემდეგი ნაბიჯები სუსის მხრიდან, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა.
„ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ერთი ბრიფინგის მასალებზე დაყრდნობით. სუსის განცხადებაში არის მხოლოდ მინიშნება, თუ რა საქმის ფარგლებში დააკავეს რუსეთის მოქალაქე – საუბარია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე. გვაქვს ბრიფინგი, რომელმაც ბევრი კითხვა დაბადა და ანალიზს მოითხოვს, თუმცა სრული ანალიზისთვის ჩვენ მასალები არ გვყოფნის. უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რადგან გამორიცხულია, რომ ასეთ ხმაურიან თემას არ მოჰყვეს შემდეგი ნაბიჯები სუსის მხრიდან. გამოძიების შედეგები შეიძლება იყოს ნაყოფიერი ან მწირი. უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანის დაკავების შემდეგ მიმდინარეობს სხვა საგამოძიებო ქმედებები – დაწყებული დაკითხვიდან. ეს დაკითხვა შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და თუ ის პროფესიონალი მკვლელია, ის მარტივად არ ალაპარაკდება და არ ითანამშრომლებს. რაც შეეხება კვალს, უნდა იყოს უამრავი მასალა, თუ ეს ადამიანი რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა უკრაინაში. დღეს გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს მილიონია გადახდილი ამ საქმეში. რას აკეთებდა ეს ადამიანი უკრაინაში, შემდეგ კი კვირების განმავლობაში აქ – ეს ყველაფერი ბადებს კითხვებს. ჩვენ ვიცით, რომ კადიროვი საკმაოდ დამოუკიდებელი ფიგურაა და პუტინის პირადი მფარველობის ქვეშ იმყოფება. შესაბამისად, თუ ის გადაწყვეტდა ამ დანაშაულის განხორციელებას, ის ამას სპეცსამსახურებთან არ შეათანხმებდა. ხოლო თუ მან დავალება მიიღო, ამ შემთხვევაშიც კოორდინაცია სპეცსამსახურებთან ნაკლებად სავარაუდოა. გარდა ამისა, გაურკვეველია ისიც, რატომ გაიმართა ეს ბრიფინგი 15-ში, მაშინ როდესაც ეს ადამიანი 12 ივნისს დააკავეს. მოსახლეობას მოსწონს ეს თუ არა, გიორგი გაბუნია არის საქართველოს მოქალაქე. თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქის მიმართ იგეგმება დანაშაული, ეს უნდა იყოს ჩვენი ამომავალი წერტილი და არა რაღაც სხვა სიმპატიები. ჩვენზე მეტად მის სიცოცხლეზე მის უშუალო ხელმძღვანელს უნდა ეზრუნა. ჩემი აზრით, როდესაც გაქვს ინფორმაცია, რომ შეკვეთილი მკვლელობა იგეგმება, წესით არ უნდა დაიცვა სიჩუმე. გამოთქმული არგუმენტები ჩემთვის დამაჯერებელი არაა“, – განაცხადა სალუქვაძემ.
ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა.