სასტუმროს ევალება ყოველდღიურ რეჟიმში ჰქონდეს მონიტორინგი მასთან დაყოვნებული სტუმრის ტემპერატურაზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისი თქმით, სასტუმრო ასევე ვალდებულია გამოყოფილი ჰქონდეს გარკვეული სივრცე იმისთვის, რომ თუ მის სტუმარს, სიცხე დაუფიქსირდება, გადაიყვანოს იზოლაციაში, აცნობოს სასწრაფო გადაუდებელ ცენტრს, ასევე ადგილობრივ ჯანდაცვას, რომ მოხდეს ამ პაციენტის იდენტიფიცირება.
„ასევე აუცილებელია მოხდეს ტესტის აღება, პაციენტი უნდა დაელოდოს პასუხს და უკვე პასუხის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, სად მოხდება ამ პაციენტის ლოკალიზება, ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა. ასევე აუცილებელია კვების ობიექტზე იმ ყველა სტანდარტის დაცვა, რომელსაც დღეს სარესტორნო სივრცეები იცავენ. ასევე მნიშვნელოვანია სასტუმროში დასაქმებული პირების აღრიცხვა და მათზე მონიტორინგი, რომ ისინიც დაცულნი იყვნენ“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
