“ლევან ბერძენიშვილის განცხადებას იუმორით შევხედე, მე პატივს ვცემ მას”, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ხუციშვილი „რესპუბლიკელ“ ლევან ბერძენიშვილის განცხადებას, სადაც პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ თუ ზაზა ხუციშვილი დაამარცხებს, მაშინ თავს მდინარეს მისცემს.
როგორც ზაზა ხუციშვილმა „აიპრესს“ განუცხადა, მოწინააღმდეგის სერიოზულად არ-აღქმა სწორი არ არის.
„ლევან ბერძენიშვილმა ამავე განცხადებაში თქვა, რომ „ვაკის პარკი“ მისი საყვარელი ჯგუფია და მე ჯგუფის ლიდერი ვარ. ეს ძალიან დიდი კომპლიმენტი იყო ჩემთვის. პატივს ვცემ ამ ადამიანს. მან ამ განცხადებაში იგულისხმა ის, რომ წლებია პოლიტიკაშია და საკმაოდ მძიმე წონიანი პოლიტიკოსია. ამ განცხადებით, თვითკრიტიკას უფრო გამოხატავს, მგონია რომ ჩემს პერსონას არ აკნინებს. როგორც ჩანს პოლიტიკაში ახლადჩართულ ადამიანთან თუ წააგებს არჩევნებს ეს მისთვის მძიმე გადასატანი იქნება.
ხალხმა სხვანიარად გაიგეს. სოციალურ ქსელში უწერენ მდინარე მოძებნეო. რაც სწორად არ მიმაჩნია. ისე კი ცოტა ჩიხში შემყვანი განცხადებაა. მოწინააღმდეგის არასწორად შეფასებაც არ მიმაჩნია სწორად. პირადად მე ამ ბრძოლაში ყველა მოწინააღმდეგეს სერიოზულად აღვიქვამ და გამარჯვებისთვის ბევრს ვმუშაობ.
რომ გითხრათ ამ გამონათქვამმა გამაღიზიანა-თქო, არ იქნება სიმართლე. იუმორით შევხედე, საერთოდ ბატონ ლევანს იუმორით საუბარი სჩვევია. ჩვენც თუ იუმორით შევხედავთ, ამ გამონათქვამში განსაკუთრებული არაფერია“, – აღნიშნა ზაზა ხუციშვილმა. Www.ipress.ge