ინფორმაცია, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას და მასთან ასოცირებულ ორგანიზაციებს აქვთ ბოროტი ზრახვები, ვიტყოდი, რომ ეშმაკი ჰყავთ შეჩენილი და ცდილობენ არჩევნები დესტაბილიზაციისთვის გამოიყენონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ შეთავაზებას პარტიებისთვის, რომლის ფარგლებში სახელისუფლო პარტია სხვა პარტიებს სთავაზობს ერთიანი მშვიდობის მემორანდუმის გაფორმებას.
„თუ ვინმე არის დაინტერესებული, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიანად, თავისუფალ რეჟიმში, ეს არის ხელისუფლება. ყველა ცივილიზებულ პოლიტიკურ ძალას ამის სურვილი უნდა ჰქონდეს და ასე უნდა იქცეოდეს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომლის ფარგლებში მოსალოდნელია, რომ პოლიტიკურ ძალებს და მასთან არსებულ ორგანიზაციებს აქვთ ბოროტი ზრახვები, ეშმაკი ჰყავთ შეჩენილი და ცდილობენ არჩევნები გამოიყენონ და მოაწყონ დესტაბილიზაცია. მაგრამ მინდა ვუთხრა მათ, რომ სახელმწიფო ამის უფლებას არ მისცემს, რადგან ქვეყანაში მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენონ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.