კარანტინისა და სახლში დარჩენის სტრატეგია დროულად განხორციელდა, რაც გახდა საწინდარი იმისა, რომ დღეს საქართველოს შეუძლია, წარმატებით იამაყოს – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ჩვენს ქვეყანაში კარანტინის სტრატეგია, სახლში დარჩენის სტრატეგია „კოვიდ-19“-ის დროს, საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ საკმაოდ დროულად, მრავალსექტორულად განვახორციელეთ და ეს არის სწორედ საწინადარი იმისა, რომ დღეისთვის საქართველოს შეუძლია იამყოს წარმატებით.
ჩვენ დროზე დავიწყეთ რეაგირება, იანვრის შუაშიც კი დავიწყეთ გარკვეული რეაგირება, როცა ჩინეთში გამოჩნდა პირველი შემთხვევები ეპიდემიისა და საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი, დროული და მრავალსექტორული იყო.
მოსახლეობამ ძალიან კარგად გაიზიარა და აითვისა დაცვის ღონისძიებები და, რა თქმა უნდა, მოქალაქეების მხრიდან სწორედ ასეთი გაცნობიერებით, ჩვენ შევძელით, მიგვეღწია კარგი მაჩვენებლისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.
