ჟურნალისტმა თეონა გეგელიამ ტელეკომპანია “იმედი”-დან წამოსვლის მიზეზებზე რადიო “უცნობი”ს გადაცემაში, გია გაჩეჩილაძესთან სტუმრობისას ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ არ აპირებს დეტალებზე საუბარს, თუმცა მიზეზი, რის გამოც ტელევიზია დატოვა, იყო ის, რომ ახალ მმართველებთან ვერ შეთანხმდა პროფესიულ სტანდარტებსა და გარკვეულწილად ადამიანურ ფაქტორებზე.
თეონა გეგელიას თქმით, 5 წლის განმავლობაში, რაც ის ტელევიზიაში და მის შემადგენლობაში არსებულ მედიაპლატფორმაზე მუშაობდა, არასდროს ჰქონია დისკომფორტი მუშაობის მხრივ და ტყუილის თქმა არავის დაუვალებია.
“ჩემი სურვილით წამოვედი, ვერ შევთანხმდი ახალ მენეჯმენტთან ვერც პროფესიულ სტანდარტებზე, ვერც ადამიანურ ბევრ ფაქტორზე და შესაბამისად ჩავთვალე, რომ იქ არ იყო ჩემი ადგილი.
5 წელი ვმუშაობდი იმედში და არ მახსოვს, რაიმე დისკომფორტი შეექმნათ ჩემთვის. მე არავინ არ მთხოვდა ტყუილის გავრცელებას, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ეს ტენდენცია უკვე იცვლებოდა.
“იმედი” დიდი ხნის განმავლობაში იყო ბულინგის სამიზნე, მას ამკობდნენ უსამართლო ეპითეტებით. დღეს გვაქვს ძალიან პოლარიზებული ვითარება, ეს არ ჰგავს იმ ჟურნალისტების ნააზრევს, ეს ჰგავს პარტიების ნააზრევს, მე არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
ყველა აკეთებს არჩევანს და ადამიანი ფასდება არჩევანით, რაღაც უნდა გადაწყვიტო, შესაძლოა ძალიან რთული იყოს, მაგრამ რაღაცაში არ მიიღო მონაწილეობა. “იმედი”-ს დღევანდელი სარედაქციო პოლიტიკა ასეთია, რომ მას მოსწონს ეს. “– განაცხადა თეონა გეგელიამ.