საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, ავღანეთში როტაციით მყოფი კონტიგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურეს ტესტირებისას კოვიდვირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ისინი სპეციალური რეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს.
“სამხედროების სამედიცინო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სიმპტომატიკას, ის გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. ხოლო ინფიცირების წყარო, უკავშირდება ადგილობრივ ავღანელ პერსონალს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩამოფრენამდე, სამხედრო მოსამსახურეები, როგორც ნატოს სარდლობას დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობა, ნატოს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით, მოთავსებულები იყვნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში და შესაბამისად, მისიაში მყოფ სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ვირუსით დაინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ. სამხედრო მოსამსახურეები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით საქართველოში კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის მზაობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესოდ მომზადებული და გამართული სამედიცინო დაწესებულებაა.
ხოლო, რაც შეეხება დანარჩენ სამხედრო მოსამსახურეებს, ისინი ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ, პრევენციის მიზნით, დადგენილი წესის შესაბამის 2 კვირიან კარანტინს გაივლიან. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ მოცემულ და სხვა მსგავს საკითხებზე ინფორმაციის გავრცელება და გავრცელების დრო, დამოკიდებულებია თავდაცვისუნარიანობის კონკრეტულ მიზნებსა და ოპერატიული მზადყოფნის ამოცანებზე. აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას და შეესაბამება ნატოს წევრი ქვეყნების საინფორმაციო პოლიტიკას. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ყველა იმ საპრევენციო და სარეკომენდაციო ზომების ეფექტურ გატარებას და ზედამხედველობას, რაც თავდაცვის ძალებსა და ზოგადად ქვეყანაში არსებული პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებას უზრუნველყოფს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.