იმერეთის რეგიონის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო ბაზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სამეგრელოსა და აჭარაში გაეცნო.
იმერეთის მსგავსად, სამეგრელოშიც ინტენსიური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე – სრულად რემონტდება ყაზარმები, ხდება სახურავების გამოცვლა და ახალი პროფილირებული თუნუქის სახურავით გადახურვა, შენობა-ნაგებობი სინეტისგანდამცავი ანტიკოროზიული, ანტისეპტიკური და ნესტგამძლე საღებავებით იღებება, გარე ფასადები კი, ჰიდრო-თბოიზოლაციით შეიფუთება. ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში სპორტული მოედნებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებიც დაათვალიერა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
ინტენსიური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს აჭარაში მდებარე სამხედრო ქვედანაყოფში. მალე განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადას. ადლიის სამხედრო ნაწილში რემონტდება საკონტროლო გამშვები პუნქტისა და შტაბის შენობები, ყაზარმები, სასადილო, სპორტდარბაზი, სამედიცინო პუნქტი, სასტუმრო და სხვა ტექნიკური დანიშნულების შენობები. მიმდინარეობს გარე განათების სრული რეაბილიტაცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა.
სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროცესი თავდაცვის მინისტრის დავალებით მიმდინარეობს. განახლებული და ახალი ინფრასტრუქტურა თვისობრივად გააუმჯობესებს და ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტს გაუთანაბრებსქართული ჯარის ინფრასტრუქტურას. მოხდება ყველა მოქმედი ყაზარმისა და სასადილოს, დაახლოებით 250-მდე ობიექტის სრული რეაბილიტაცია 60 ლოკაციაზე.