საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრებმა ასეულმა, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის განხორციელება გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ბაზა „მარმალზე“ ოფიციალურად დაიწყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრებმა ასეულმა უფლებამოსილება II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულისგან როტაციის წესით გადაიბარა.
თავდაცვის უწყების ცნობით, უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ სამხედრო ბაზა „მარმალზე“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. პირად შემადგენლობას სიტყვით მულტინაციონალური სწრაფი რეაგირების ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ალექსანდერ რაოცლომ მიმართა. მან II ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულს საერთაშორისო ოპერაციით გათვალისწინებული ამოცანების მაღალ დონეზე შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრებ ასეულს საერთაშორისო მისიის წარმატებით შესრულება უსურვა.
უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება ქართველი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრები ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში შვიდი თვის განმავლობაში იმსახურებს. გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება იქნება.