საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაეროში ელექტრონული მმართველობის, გამჭვირვალობისა და საჯარო მომსახურების მიმართულებით, საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს მიდგომა მიზნად ისახავს ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების შექმნას ყველა დონეზე და აღნიშნა, რომ ეს სისტემა საქართველოში უკვე მუშაობს.
მაღალი რანგის შეხვედრას, რომელიც, გაეროში პირველად, საქართველოს ორგანიზებით გაიმართა, მხარი დაუჭირეს ესტონეთმა, სამხრეთ კორეამ, ბელგიამ და გაეროს განვითარების პროგრამამ. ღონისძიების მთავარი თემა იყო ეფექტური, პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე ინკლუზიური ინსტიტუტების განვითარება, ელექტრონული მთავრობის და საჯარო სერვისის გზით.
პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას, ხაზგასმით აღნიშნა პროგრესი, რომელსაც საქართველომ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების კუთხით მიაღწია.
“ჩვენმა მთავრობამ წამოიწყო მე-16 მიზნის განხორციელება, რომლის მიზანიცაა „ყველა დონეზე ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების შექმნის“ პრიორიტეტიზაცია, რაც ჩვენი მხრიდან საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებისკენ გამიზნული ძალისხმევის არსებითი ნაწილია. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ამ სფეროში ჩვენ დიდი პროგრესი გვაქვს, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი გაეროს განვითარების პროგრამას მიუძღვის, რომლის მხარდაჭერა და დახმარებაც ფასდაუდებელია ჩვენი საქმიანობისთვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მაქვს ჩვენი წარმატებული ისტორიების წარდგენის შესაძლებლობა. ჩემი აზრით, საქართველოს გამოცდილება სასარგებლო გაკვეთილი შეიძლება გახდეს სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც განვითარების გზაზე იმავე მიზნებისთვის იღვწიან”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
“ტექნოლოგიების მიზანი უნდა იყოს ბიუროკრატიის შემცირება და მოქალაქეთა ცხოვრების გამარტივება”
2016/09/20 11:31:20

კომენტარები
ნანახია: 1498 ჯერ