საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის ხელისუფლების მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ რუსეთის დუმის არჩევნებს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერეციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ პრეზიდენტის სახელით განაცხადა, აღნიშნული ფაქტი საერთაშორისო სამართლის პრინციპებს უხეშად არღვევს.
პრესსპიკერისვე განცხადებით, პრეზიდენტი გმობს ამ ქმედებას და საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„გვინდა გამოვეხმაუროთ, რუსეთის ხელისუფლების მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ რუსეთის დუმის არჩევნებს, სადაც საყურადღებოა ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე- აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საარჩევნო უბნები გაიხსნა, საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე და ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობამ, მონაწილეობა მიიღო უცხო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში. ყოველივე ეს, კიდევ ერთხელ, ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აღიქმება. პრეზიდენტის აზრით, ყოვლად დაუშვებელია, რომ ამ რეგიონებში მცხოვრები 114 ათასზე მეტი ადამიანი, რუსეთის ფედერაციის სხვადსხვა მხარესა თუ ოლქში, ამომრჩევლის სტატუსით იქნა დარეგისტრირებული.
ეს ყველაფერი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. პრეზიდენტი გმობს ამ ქმედებას და საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს“,-განაცხადა მიშველაძემ.
ეკა მიშველაძე – პრეზიდენტი ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ რუსეთის არჩევნებს ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს
2016/09/20 16:17:24
კომენტარები
ნანახია: 1368 ჯერ