“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გიორგი შაქარაშვილის გახმაურებული მკვლელობის საქმეზე დღეს გადაცემა “დღის სტუმარში” ისაუბრა.
გვარამია მიიჩნევს, რომ საქმე ლოგიკური დასასრულისკენ მიდის და “ქართულ ოცნებას” მოუწევს, ადრე თუ გვიან, სიმართლე გაასაჯაროვოს. გარდა ამისა, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ამბობს, რომ საქმეზე, დაახლოებით, 50-მდე ადამიანია დასაჭერი.
იმით დასრულდება ეს ყველაფერი, რომ საქმე გაიხსნება უფრო გვიან, მაგრამ ვინც ამას აყალბებს, დაისჯება ყველა. მე ახლა რასაც ვთვლი, გამყალბებლების რაოდენობას, თავისი მოწმეებიანად და დაზარალებულებიანად, ვინც ცრუ ჩვენებებს იძლევა, 50-მდე ადამიანი უნდა წავიდეს ციხეში ამ საქმისთვის. 50-მდე სამართალდამცველი, დაზარალებული, დაკავშირებული, ჩამფარცხავი, “კაწრო”, ბუაძე და ა.შ. – განმარტა გვარამიამ.
გვარამია არ გამორიცხავს, რომ მოკლული ფეხბურთელის ბიძასაც დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რადგან მისი თქმით, მირიან ნიკოლაძე მიზანმიმართულად ცდილობს ყალბი ვერსიების გამყარებას.
ეს ის შემთხვევაც შეიძლება აღმოჩნდეს, როცა დაზარალებულის წარმომადგენელიც კი წავიდეს ციხეში გაყალბებაში ჩართულობის გამო. ვიძახი ბიძაზე, სრული პასუხისმგებლობით, იმიტომ, რომ იგი არა შემთხვევით, არა შეცდომით, პროკურატურის ყალბ პოზიციებს ამყარებს, – თქვა მან.
პროკურატურის დღევანდელ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ შაქარაშვილის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს, რომელმაც გამოძიებას განზრახ მიაწოდა ცრუ ინფორმაცია