“შეიარაღება, რომელიც ვითომდა ქართული ჯარისთვის იყო შესყიდული, აღმოჩნდებოდა ხოლმე მესამე ქვეყანაში”-ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა “არენაში” გააკეთა.
“თქვენს სიუჟეტში მოყვანილი იყო რამდენიმე ფაქტი იმისა, თუ როგორ ხდებოდა იარაღის შეძენა და მესამე ქვეყანაში გადაყიდვა ისე, რომ საქართველოში ეს იარაღი არც კი შემოდიოდა. შეიარაღება, რომელიც ვითომდა ქართული ჯარისთვის იყო შესყიდული, აღმოჩნდებოდა ხოლმე მესამე ქვეყანაში. მაგალითად, ასე მოხდა M4-ის ტიპის ავტომატების შეძენისას, რომლებიც იყო უხარისხო. კეზერაშვილის შეძენილი ავტომატების ნაწილი აღმოჩნდა გვატემალაში, ნაწილი – კიდევ სხვაგან და ა.შ. აშშ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დააკავა კეზერაშვილის უშუალო პარტნიორი. წინა ხელისუფლების ოფიციალური ვერსიით, მილიარდი ლარის შეიარაღება ომის დროს რუსებმა წაიღეს. არავინ იცის, ეს შეიარაღება მართლა რუსებმა წაიღეს, თუ ამის მხოლოდ 10% წაიღეს, დანარჩენი კი უბრალოდ ე.წ. გათეთრებისთვის იყო გამოყენებული. ამჟამად პროკურატურა იძიებს საქმეს Bushmaster-ის ტიპის ავტომატების შეძენის შესახებ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.