არა მგონია, ეს იყოს კარგი პოლიტიკური კულტურის მანიშნებელი და კარგი ეთიკური სტანდარტი, როცა პირად მეილებს აფრიალებ პირდაპირ ეთერში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილზე კომენტირების დროს განაცხადა.
“ვისაც მიაჩნია, აფრიალოს და შემდეგ შეამოწმოს ეს ფრიალი მოსწონს თუ არა ამომრჩეველს. საბოლოოდ მაინც არჩევნები გადაწყვეტს ვინ უფრო გონიერია, ვინ უფრო მეტად ევროპულია, ვინ უფრო მეტად იცავს ფასეულობებს და ამ ყველაფერს ჩვენ უკვე 9 ოქტომბერს გავაანალიზებთ“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, კონკრეტულად რას ითხოვდა დავით უსუფაშვილი ამ წერილში, მისთვის უცნობია.
„როგორც წესი,რას ითხოვდნენ, რა უნდოდათ, თანამდებობა იგულისხმებოდა თუ სხვა რამ, ამაზე ისინი არ საუბრობდნენ ჩვენთან ერთად. როგორც ჩანს, ეს იყო პრივატული საუბრები, შეიძლება, ეს იყო მიწერ-მოწერის ფორმით, შეიძლება ეს იყო პირადი შეხვედრების დროს, მაგრამ რა იყო, კონკრეტული დეტალები ფართო განსჯის და განხილვის საგანი არ გამხდარა არასდროს“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ”რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით უსუფაშვილი ყოფილი და მოქმედი პრემიერების, ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი 2016 წლის 11 მარტს გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს.
წერილში უსუფაშვილი ადრესატებს წერს, რომ სასწრაფოდაა გადასაწყვეტი კოალიციის საარჩევნოდ დალაგების საკითხი. მისივე შეფასებით, ეს არის ნომერ პირველი კოალიციური, სახელისუფლებო და სახელმწიფო ამოცანა.
წერილში საუბარია „რესპუბლიკელებთან“ ურთიერთობაზე. უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ შექმნილ ვითარებაში მას პრაქტიკულად ამოეწურა ”დამბალანსებელ-მომრიგებელ-შემრიგებელ-გადამგორებლის რესურსი”.