არჩევნების მეორე დღიდანვე ძალიან მაღალი ტემპით გაგრძელდება ქვეყნის სწრაფი განვითარების გეგმა, რომელიც დაწყებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა წნორის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებული სიხარული გამოხატა წნორელებთან შეხვედრის გამო, სადაც, მისი თქმით, ბავშვობის წლები გაატარა.
“როდესაც მეკითხებიან სადაური ხარო, არასოდეს ვამბობ, რომ წარმოშობით ქიზიყელი ვარ, ყოველთვის ვამბობ: ქიზიყელი ვარ! ყოველთვის მიხარია, როცა აქ ჩამოვდივარ, ჩემთვის ყველაფერი ნაცნობი და ახლობელია აქ და ძალიან თბილი გრძნობა მეუფლება, რადგან მთელი ბავშობა აქ მაქვს გატარებული. ჩემთვის ძალიან ემოციურია აქ ყოფნა და მინდა, განსაკუთრებულად მოგეფეროთ და გამოვთქვა ჩემი სიყვარული და პატივისცემა ყველა თქვენგანის მიმართ,” – აღნიშნა პრემიერმა შეხვედრაზე.
მთავრობის მეთაური წნორის მოსახლეობას განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას ქვეყნის სამომავლო განვითარების უზრუნველსაყოფად.
“ორი კვირა გვაშორებს საპარლამენტო არჩევნებს, არჩევნებს რომელმაც უნდა დაადასტუროს არის თუ არა ის გზა სწორი, რა გზითაც ჩვენ მივდივართ; არჩევნებს, რომელმაც უნდა კიდევ ერთხელ განსაზღვროს საქართველოს მომავალი ოთხი წელი; არჩევნებს, რომელზეც ჩვენ მივდივართ პირნათელნი,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.