ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენი ჯარისკაცებისთვის განათლების მაღალი დონისა და სწავლებების უზრუნველყოფა. განათლებული და პროფესიონალი სამხედრო არის ჩვენი ჯარის სიმტკიცისა და წარმატების გარანტი. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი ცენტრის ტრანსფორმაციის პროცესს, მის სტრუქტურულ დახვეწას და ჩვენს პარტნიორებთან ერთად, უკვე არსებული, 100-ზე მეტი კურსის გაძლიერებასა და გაფართოებას, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრის განახლებული ბაზის გახსნის ცერემონიაზე.
„მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების როლი და მათი ჩართულობა ამ ცენტრის დახვეწის პროცესში. ჩვენ დავიწყეთ თავდაცვის ძალების ობიექტების NATO-ს სტანდარტებით, სრული მოდერნიზაცია და განახლება. უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა და განახლდა 21 შენობა. აქვე, ავაშენეთ ორი მულტიფუნქციური სტადიონი და მოვაწყეთ გამწვანებული სივრცე. ესაა ჩვენი ახალი კონცეფციის გამოხატულება – ჩვენ ვზრუნავთ ჯარისკაცების ჯანსაღი გარემოს გაუმჯობესებაზე. ჩვენი გეგმის შესაბამისად, წლის ბოლომდე, ჩვენი სამხედროები, ყველა ბაზაზე, სამსახურს ასეთ კომფორტულ და თანამედროვე გარემოში განაგრძობენ“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კრწანისში საერთო საჯარისო ცენტრის განახლებული ბაზა გაიხსნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ცენტრის ტერიტორიაზე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 21 შენობას. მათ შორისაა საყაზარმე, სასწავლო და სარეკრეაციო სივრცეები.