სოციოლოგი, ვალერიან გორგილაძე ფიქრობს, რომ “თავისუფალი ზონის” უკვე ყოფილი წევრების განცხადება არჩევნების შემდგომ მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე, “ნაციონალურ მოძრაობას” ამხელს.
მისი თქმით, თავად “თავისუფალი ზონის” ეს საკმაოდ მძიმე ბრალდებაა “ნაციონალური მოძრაობის” და მისი ლიდერის მიმართ.
“სამწუხაროა, რომ “ნაცმოძრაობა” ვერ ახდენს დისტანცირებას სააკაშვილისგან, რომელიც უხეშად ერევა უცხო ქვეყნის საქმეებში, ვინაიდან ის არც მოქალაქეა ამ ქვეყნის. აღმაშფოთებელია, როდესაც ასე თავხედურად, მიზანმიმართულად და დაუფარავად, სხვა ქვეყნის ჩინოვნიკი ერევა საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში.
მეტიც, ეს ჩარევა უშუალოდ უკავშირდება დესტაბილიზაციის მცდელობას. ეს განცხადება სარწმუნოა იმიტომ, რომ არსებობს სხვადასხვა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. სააკაშვილი ამას პრინციპში, არც მალავდა. გარკვეული აქტივობებია ხმების დაცვასთან, პრევენციული განცხადებები კეთდება უკვე. გვახსოვს ჩანაწერი “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ პროგნოზირებდა სისხლისღვრას. ამდენად, ეს არ არის არც მოულოდნელი, არც მიკვირს”, – განაცხადა გორგილაძემ.
მისი თქმით, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” სამწუხაროდ, არის დესტრუქციაზე აწყობილი, მიზანმიმართულად მოქმედებს დესტაბილიზაციის გამოსაწვევად.
“ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომელიც დღეს გავიგეთ “თავისუფალი ზონის” ყოფილი წევრების მხრიდან”, – განაცხადა გორგილაძემ.