საზღვრის გარკვეული მონაკვეთებზე ამ კოლექტიურმა სააკაშვილებმა და კოლექტიური სააკაშვილია ყველა, ვინც ეს ღალატი ჩაიდინა, გამოიყენეს 70-იან, ხოლო გარკვეულ მონაკვეთზე 80-იან წლებში გამოშვებული რუკები, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“ განაცხადა.
მისი თქმით, ბაბაქიარის მთაზე, რომელიც დეფაქტო ჩვენ სარგებლობაში იყო, 2006-2007 წელს საზღვარი 1938 წლის 200 ათასიანი რუკით განისაზღვრა, რის გამოც ის აზერბაიჯანის მფლობელობაში მოექცა.
„ამ კოლექტიურმა სააკაშვილებმა გარკვეულ მონაკვეთებზე გამოიყენეს 70-იან წლებში გამოშვებული რუკები, ხოლო გარკვეულ მონაკვეთზე 80-იან წლებში გამოშვებული რუკები. ერთ კონკრეტულ მაგალითს გეტყვით ბაბაქიარის მთაზე, რომელიც დეფაქტო ჩვენ სარგებლობაში იყო, 2006-2007 წელს მიადგნენ ამ მწვერვალს და უცებ გაახსენდათ, რომ უნდა გამოიყენონ 1938 წლის 200 ათასიანი რუკა. გამოიყენეს ამ კონკრეტულ მონაკვეთზე აღნიშნული რუკა და ამის მიხედვით აზერბაიჯანის მფლობელობაში მოექცა აღნიშნული სტრატეგიული და ასევე სამხედრო დანიშნულების სიმაღლე, ბაბაქიარის მთა. მოვიდნენ დავით გარეჯთან, უდაბნოს და ჩიჩხიტურის მხრიდან და პირდაპირ ქედზე გამოატარეს საზღვარი, მაშინ როდესაც ქედის ქვევით, დაახლოებით 500 მეტრში უნდა გაეტარებინათ. სხვათაშორის, იქ აზერბაიჯანის მხარეს აშენებული აქვს სასაზღვრო პუნქტი, რომელიც ამ რუკით რომ ვიხელმძღვანელოთ, ჩვენ ტერიტორიაზე ხვდება. სწორედ ესაა საეჭვო და ამ კითხვას ვუსვამთ ჩვენ, რატომ არ იხელმძღვანელეთ 1938 წლის რუკით? მოადგნენ ჩიჩხიტურს და მოადგნენ უდაბნოს. ამის საფუძველზე 2007 წელს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დააყენეს უდაბნოში და იწყება მთელი ეს გაუგებრობა მას შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.